უნდა გაკეთდეს განმარტება, ფაქტია, USAID-ის ფული ძალადობრივი სცენარის მომზადებაზე დაიხარჯა - თალაკვაძე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, ფაქტია, რომ USAID-ის დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ამერიკელი ხალხის ფული ძალადობრივ სცენარის მოსამზადებლად გამოიყენა. ამიტომ თალაკვაძის თქმით, ამერიკელებისგან ამ საკითხზე საჯარო განმარტებას ელიან.

„ასეთი დონის სტრატეგიული თანამშრომლობისა და მეგობრობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის გულდასაწყვეტი, როდესაც ვხედავთ, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული USAID-მა მისცა კონკრეტულ ორგანიზაციას და რისთვის მისცა, ალბათ ამაზე უმოკლეს დროში არის საჭირო განმარტებების გაკეთება რომ არ დარჩეს სივრცე რაიმე დამაზიანებელი კითხვებისთვის. იმიტომ, რომ ამას ყველაფერს გამოიყენებენ ჩვენი მეგობრობის მოწინააღმდეგეები.

უნდა გაკეთდეს დროულად ამაზე განმარტება. თუმცა მოცემულობა და ფაქტი არის ის, რომ ორგანიზაცია, რომელიც USAID-მა დააფინანსა, ამ ფულს იყენებს ძალადობრივი რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად“, – განაცხადა თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

თალაკვაძის თქმით, ეს საკითხი საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას ვერ დააზიანებს, თუმცა მისი აზრით, პარტნიორობა გულისხმობს იმასაც, რომ თუ რაიმე ჩრდილს აყენებს ამ თანამშრომლობას, ამაზე დროული განმარტება გაკეთდეს.

„ჩვენ მივეცით მეგობრებს საშუალება, ძალიან დელიკატური იყო ეს მოწოდება, რომ გაკეთებულიყო საჯარო განმარტება, თუ რა ხდებოდა. რადგან არამარტო ჩვენ, დახურულ კარს მიღმა, არამედ საზოგადოებამაც იცოდეს, რა მოხდა. რატომ მოხდა, რომ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გაცემული თანხა ხმარდებოდა ძალადობრივ სცენარებში ახალგაზრდების მომზადებას.

წინასწარ ჩვენ ვერ გავაკეთებთ შეფასებას როგორც ხელისუფლება, ვიდრე გამოძიება არ გადაამოწმებს ყველაფერს. გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს ყველა ნიუანსი, ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენი საბოლოო შეფასება და ჩვენს პარტნიორებსაც უკვე შეიძლება კონკრეტულ შეხვედრაზე გადავცეთ ეს ინფორმაცია, თუ ამერიკელი ხალხის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია რას აკეთებდა ამ შემთხვევაში“, – თქვა თალაკვაძემ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ მონაწილეობისას.

არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ არიან ძალები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებსაც დესტაბილიზაცია სურთ და ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გვერდის ავლით დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ კი, თუ ვინ მოქმედებს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და არიან თუ არა ისინი წარმოდგენილი პარტნიორებს შორის „მაღალ დონეზე“, თალაკვაძემ თქვა, რომ ეს ძალები შეიძლება იყვნენ „ნებისმიერ დონეზე“.

„რა თქმა უნდა, ეს ძალები არსებობენ, ეს ძალები მოქმედებენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ისინი მოქმედებენ სხვა ტერიტორიებზეც.

ეს ძალები, ეს აქტორები შეიძლება იყვნენ ნებისმიერ დონეზე, თუმცა ჩვენ ამ დეტალებში ვერ შევდივართ“, – თქვა თალაკვაძემ.