ბათუმში, კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ იგეგმება სამშენებლო რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება.
„აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენც ცენტრალური მთავრობა ყველანაირად გვერდში დავუდგებით, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამავე დროს ფულადი კონპენსაციები.
ამასთანავე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები, ნებართვის გაცემის პროცედურებიც უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და მეორედ აღარ უნდა იქნეს დაშვებული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული იქნება.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი ემსხვერპლა.