უნდა გამოხატოს თუ არა მოსამართლემ საჯაროდ თავისი აზრი – უმრავლესობის წევრის შეკითხვა კანდიდატს

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ამირან ძაბუნიძეს უსმენენ.

პროცედურის მიხედვით, კანდიდატს შეკითხვებს პირველი ფრაქცია „ქართული ოცნება“ უსვამს.

უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური დაინტერესდა, როგორ ესმის კანდიდატს სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობა.

კანდიდატმა ამ შეკითხვას საკანონმდებლო ჩანაწერიდან სტანდარტული ამონარიდით უპასუხა. მისი პასუხის მოსმენის შემდეგ ალუდა ღუდუშაურმა შეკითხვა დააზუსტა და მოსამართლის სუბიექტური მოსაზრებით დაინტერესდა:

ალუდა ღუდუშაური: „მოეთხოვება თუ არა მოსამართლეს იმგვარი მიუკერძოებლობა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ამა თუ იმ სენსიტიურ საქმესთან ან თემებთან დაკავშირებით (გნებავთ, საზოგადოებრივ მოვლენასთან ან თემასთან) ჩამოყალიბებული აზრის წინააღმდეგ წასვლას და ა.შ.. რამდენად სწორად გესმით თქვენ? თქვენი ხედვა როგორია მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით? არ აქვს მნიშვნელობა, რა საკითხზე უნდა იყოს ეს“. – ღუდუშაურმა დააზუსტა ისიც, რომ არ საუბრობს მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეზე, არამედ, ზოგადად, საკითხის შესახებ აზრის გამოხატვაზე – „ხართ მოსამართლე, გაქვთ თქვენი აზრი. უამრავი საშუალებაა, რომ თქვენი აზრი თქვენ მიღმა გაავრცელოთ ხმამაღლა, მაგალითად, სოც.მედია, არ ვიცი, სხვადასხვა ფორმა. არ ვგულისხმობ მაინც და მაინც იმას, რომ საპროტესტო აქციაზე გამოვიდეს, რაც კანონით ეკრძალება მოსამართლეს. მაგალითად, სოციალურ ქსელში…“

მოსამართლეობის კანდიდატი: „ქვეყანაში არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მოსამართლე არ უნდა აფიქსირებდეს პოზიციას“.

მეორე საკითხი, რითაც ღუდუშაური დაინტერესდა, პირადად ამირან ძაბუნიძისთვის მისაღებია თუ არა მოსამართლის ჯანსაღი კრიტიკა და შეურაცხყოფა და თავდასხმა მოსამართლეზე. ღუდუშაურმა თქვა, რომ დაუსრულებელ საქმეებზე ტელეეთერებიდან ისმის ხოლმე საჯარო განხილვა და აზრის ფორმაციის მცდელობა.

„მე გეკითხებით, ეს რამდენად ჯანსაღია და რამდენად თავსებადია ეფექტიან და სამართლიან მართლმსაჯულებასთან?“ – დაინტერესდა ღუდუშაური.

მოსამართლეობის კანდიდატი: „კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი სასამართლოს და მოსამართლის მიმართ, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიმართ საგნობრივ მსჯელობას.

ზღვარგადასული თავდასხმები და რაც ზოგადად აგორებულია კამპანია სასამართლოების მიმართ, ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია. ადამიანის უფლებათა კონვენციის გამოხატვის თავისუფლების მე-10 მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია ამგვარი გამოხატვა სასამართლოსთან მიმართულებით თუ ხდება, შეიზღუდოს“, – განაცხადა კანდიდატმა.


პარლამენტმა დაიწყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც მოსამართლეების მიმართ მთელ რიგ დისციპლინურ სახდელებს ითვალისწინებს.

„მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომებს ემატება დისციპლინური გადაცდომების ახალი სახეები: კერძოდ, ცვლილების მიხედვით, გადაცდომად ჩაითვლება აგრეთვე მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა ლახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.