უნდა გავაორმაგოთ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა - კინზინგერი ქართულ დელეგაციას შეხვდა

პუბლიკა

ამერიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ კინზგინერი Twitter-ზე წერს.

„ახლახან მქონდა კარგი, გამომაფხიზლებელი შეხვედრა ჩვენს კარგ მოკავშირესთან, საქართველოს დელეგაციასთან. უკრაინის მიმართ რუსეთისგან შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა მათთვის“, – წერს კონგრესმენი Twitter-ზე.

დღეს საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრას გამოეხმაურა კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი.

„შევხვდი საქართველოს წარმომადგენლებს, რათა გვემსჯელა რუსეთისგან სუვერენული ქვეყნების საქმეებში ჩარევისგან დაცვის სტრატეგიაზე. სანქციები საკმარისი აღარ არის. სანამ გვიანი არ არის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, რომ რუსეთს შეჭრა ძვირი დაუჯდეს“, – წერს ბეიკონი Twitter-ზე.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტით მყოფი საპარლამენტო დელეგაცია კონგრესში შეხვედრებს მართავს.

გუშინ შეხვედრები გაიმართა შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენ ადამ სმიტთან და კონგრესმენ ჯონ გარამენდისთანაც. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რუსულ საფრთხეზე, ოკუპირებულ რეგიონებსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი. მათთან ერთად კონგრესში შეხვედრებს მართავს აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძეც.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია აშშ-ს კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელობასთან.