უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან - ზალკალიანი გახელაძის საქმეზე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის შესახებ ჰკითხეს. გახელაძის ოჯახი 23 ივნისიდან საპროტესტო აქციებს აანონსებს.

მინისტრის განცხადებით, არ დარჩენილა არცერთი უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო ფორმატი, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი, სადაც სამინისტროს მიერ ზაზა გახელაძის საკითხი არ ყოფილიყო წამოწეული განსაკუთრებული სიმწვავით.

„მაგრამ საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან. ქვეყანასთან, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მას არაფრად უღირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინება, ამიტომ მე, შეიძლება, საჯაროდ ვერ ვთქვა კიდევ სხვა ფორმატები და სხვა ბერკეტები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ყველამ იცოდეთ, რომ ყველა ფორმატი მაქსიმალურად არის გამოყენებული“, – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, დაანონსებულ აქციებზე პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით აქტიურად მუშაობენ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები.

„ვიცი, რომ ძალიან აქტიურად არის ჩართული ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, რომ ამ რაღაც აქციებმა, რომლებიც დაგეგმილია, რაიმე პროვოკაცია არ გამოიწვიოს, რადგან პროვოკაციამ, შესაძლოა, მისცეს შემდეგი ზემოქმედების და ცუდად განვითარების შესაძლებლობა იგივე ოკუპანტ ქვეყანას და გამოიყენონ ეს პროვოკაცია მათი მიზნებისთვის, რათა არ მოხდეს გათავისუფლება“, – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა ზაზა გახელაძის ოჯახს საჯაროდაც მიმართა, რომ უწყება ყველა ზომას იღებს – „როგორც არსებული ფორმატების, ასევე ვმუშაობთ კულუარულადაც სხვა მიმართულებით, რომ რაც შეიძლება დაუყოვნებლივ მოხდეს [გათავისუფლება]“.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს რუსეთზე ზემოქმედების სხვადასხვა მექანიზმი და ბერკეტი. ამიტომ ესეც გააქტიურებულია ქვეყნის პარტნიორების დახმარებით.