უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც მინისტრმა, რომელიც გვერდით გიზით შენგელიას საქმიანობა შეუჩერა - ნადირაშვილი პრემიერს

პუბლიკა

„ვფიქრობ, უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც მინისტრმა, რომელიც გვერდით გიზით, ბაჩანა შენგელიას საქმიანობა შეუჩერა“, – ასე მიმართა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

„ვფიქრობ, რომ უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც ბაჩანა შენგელიას მინისტრმა, რომელიც გვერდით გიზით, შეუჩერა საქმიანობა. გასაგებია, ქალბატონ წულუკიანს სძულს ადამიანები. გასაგებია, სახეზე აწერია მას. მაგრამ ის, რომ თქვენს სახელთან იყო რაღაცნაირად დაკავშირებული ის უბედურება, არ გეუბნებით, რომ ასე იყო, არ იყო ასე, ყოველ შემთხვევაში, კითხვები ხომ არსებობდა თქვენს სახელთან დაკავშირებით, ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, – მიმართა ირმა ნადირაშვილმა პრემიერს.

დღეს,  გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. პრემიერს დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ.

ბაჩანა შენგელიას საქმესთან დაკავშირებული შეკითხვით პრემიერს ასევე მიმართეს დეპუტატებმა სერგი კაპანაძემ და გიორგი მოსიძემ.

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას განცხადებით, 19 ივნისიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე მას სანოტარო საქმიანობა შეეზღუდა. მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ის საქმიანობდა.

როგორც შენგელიამ „პუბლიკას“ უთხრა, ის ფიქრობს, რომ მისთვის საქმიანობის შეზღუდვა პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ვინაიდან არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ეს შესაძლოა მომხდარიყო.

მან უკვე წერილობით მიმართა პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეების ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

შენგელია ასევე უახლოეს დღეებში მიმართავს სახალხო დამცველს, რათა დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით.