დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი მიიჩნევს, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა მოქალაქეებისთვის უსაფრთხოა და სოციალური დისტანციის დაცვით გარეთ ყოფნა დაშვებულია.
„ფაქტია, რომ ღია სივრცეში ნებისმიერ დროს რისკი არის შემცირებული, მაგრამ აქ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დისტანციის დაცვა არის აუცილებელი და რაც უფრო მეტი იქნება დისტანცია, მით უფრო დაცულად შეგიძლიათ ჩათვალოთ თავი. ყოველ შემთხვევაში, გარეთ სეირნობის გარეშე, ადამიანები დიდ ხანს, ალბათ, ვერ გაძლებენ. ეს აუცილებელიც კია მათი ჯანმრთელობისთვის.
დიახ, უნდა ისეირნოთ გარეთ, უნდა იყოთ სუფთა გარემოში და ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილები იყოთ დისტანცირებულნი სხვა ადამიანებისგან. გარეთ სეირნობის დროს შეარჩიეთ მშვიდი, წყნარი გარემო. არ არის აუცილებელი, იყოთ ჯგუფებად და მჭიდროდ იდგეთ გარეთ სეირნობის დროს“, – თქვა ხათუნა ზახაშვილმა ონლაინჩართვაში, როდესაც ჟურნალისტების შეკითხვებს ამირან გამყრელიძესთან ერთად პასუხობდა.
ზახაშვილის თქმით, გაჩნდა გარკვეული ნაშრომები, რომლებშიც მიუთითებენ, რომ არც სუფთა ჰაერზე სეირნობაა უსაფრთხო, თუმცა, ჯერჯერობით, ამის მტკიცებულება არ უნახავს.
„განსაკუთრებით აქცენტი იყო გარე აქტივობებზე – როცა ადამიანები დარბიან ან გადაადგილდებიან ველოსიპედით. იყო გარკვეული მოსაზრებები, რომ სირბილის ან ველოსპიედით გადაადგილების დროს დაცვის დისტანცია შესაძლოა, უფრო მეტი იყოს საჭირო, ვიდრე რეკომენდებულია ხოლმწ ჩვეულებრივ. ვთქვათ, 2 მეტრზე მეტი დისტანცია თითქოს უფრო მეტი დაცვის გარანტიას იძლეოდეს.
თუმცა ერთმნიშვნელოვანი მტკიცება იმის, რომ ჰაერზე ყოფნას ზიანი მოუტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ეს გამხდარა კოვიდის გავრცელების ინტენსიური წერტილი, ჯერჯერობით, არსად წამიკითხავს“, – თქვა ხათუნა ზახაშვილმა.