უნდა ისჯებოდეს თუ არა შენობისთვის კვერცხის სროლა პატიმრობით? | ნონა ქურდოვანიძე დიღმელაშვილზე

პუბლიკა

„სირცხვილიას” აქტივისტს შოთა დიღმელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-დღიანი ადმინისტრაციული პარიმრობა შეუფარდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დიღმელაშვილი პოლიციამ 8 მარტს დააკავა. ვიდეოში ის ამბობს, რომ მას ჰქონდა ერთკაციანი აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და პროტესტის გამოსახატად მან ადმინისტრაციის შენობას კვერცხები დაუშინა.

მოძრაობა „სირცხვილია” აღნიშნავს, რომ შოთა დიღმელაშვილის სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარემ წარადგინა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლის მიახლოებისთანავე შოთა დიღმელაშვილი, წყვეტს კვერცხების სროლას მთავრობის კანცელარიის მიმართულებით, თუმცა მოსამართლემ მაინც მიიჩნია, რომ შოთა დიღმელაშვილი პოლიციელის არარსებულ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

„მან პირველივე მოწოდებისთანავე შეწყვიტა თავის ქმედება… წარმოდგენა არ მაქვს, რა არგუმენტებს დაეყრდნო სასამართლო, მით უმეტეს, რომ მუხლი ალტერნატივად ჯარიმასაც ითვალისწინებს”, – ამბობს დიღმელაშვილის ადვოკატი გიორგი მახარაძე.


უნდა ისჯებოდეს თუ არა შენობისთვის კვერცხის სროლა, როგორც პროტესტის ფორმა (რომელიც არც შენობას და არც სხვას არ მოხვედრია) პატიმრობით?, – არა, – ამგვარი facebook-პოსტით ეხმაურება იურისტი ნონა ქურდოვანიძე აქტივისტის პატიმრობას.

„თუ კვერცხის ქუჩაში დაგდება, როგორც ნარჩენის/ნაგვის გადაგდება ჯარიმით ისჯება (80 ლარით), პროტესტის დროს იგივე ქმედება რატომ უნდა იწვევდეს პატიმრობას.

პოლიცია ისევ იყენებს ნაცად მეთოდს, აქტივისტის ქმედებას აფორმებს ,,პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად“. იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნის არსებობის ფაქტიც კი არ მოწმდება სასამართლოს მიერ, პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძველი უკვე სახეზეა. ამას მხოლოდ კოდექსის შესვლაც არ უშველის”, – წერს ქურდოვანიძე.