„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი ახალი სამუშაო ადგილების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც შეიქმნება როგორც მუნიციპალურ – საჯარო დონეზე, ასევე კერძო სექტორში. და საბოლოოდ ჩვენ უნდა მივიღოთ 200-ათასიანი არმია ადამიანების, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, სადაც დღეს ახალი სოციალური პოლიტიკის ხედვის შემუშავება დაანონსდა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სოციალური პოლიტიკის ხედვის შემუშავება დააანონსა. პრემიერი ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, რამდენიმე კვირაში წარმოადგენს სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვას, რომელიც, სავარაუდოდ, იანვრიდან ამუშავდება.
პრემიერი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყანაში დაახლოებით 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. მისივე თქმით, მათგან დაახლოებით 200 ათასზე მეტი მოქალაქე არის შრომისუნარიანი, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო, არ არიან მოტივირებული სამუშაო ადგილების მოსაძებნად.
„200 ათასი ადამიანის დასაქმება, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოხდება. ერთბაშად 200 ათასი ადამიანის დასაქმებას ვერ შევძლებთ, ჩვენ გვინდა, რომ ძალიან მასშტაბური იყოს ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები და შესაბამისად, რაც შეიძლება ამ ადამიანების ჩართვა მოვახერხოთ. რაც შეეხება კერძო სექტორს – დიდია მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან მათ შორის დასაქმების სააგენეტოსთან, თუმცა ადეკვატურად ვერ ხდება მიწოდება, შესაბამისად, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ, ვიმუშავებთ და ეს სტრუქტურა ისე უნდა ავაწყოთ, რომ კერძო სექტორისთვისაც გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ დაასაქმოს ადამიანები. მაგრამ სტრუქტურა უნდა იყოს ამისთვის წამახალისებელი.
ეს იქნება წამახალისებელი იმიტომ, რომ ამ ადამიანებს დღეს თუ აქვთ რისკი და კონკრეტული მოლოდინი ან შიში, რომ შეიძლება სოციალური დახმარება შეუწყდეს იმ შემთხვევაში, თუ დროებით სამუშაოზე დათანხმდება. ყველანაირად უნდა მივცეთ გარანტიები, რომ ეს ასე არ იქნება. ანუ სოციალური მდგომარეობა ჩვენი სოციალურად დაუცველების კი არ უნდა გაუარესდეს, პირიქით უნდა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.