უნდა შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, სანამ რეფორმები არ გატარდება - დეგნანი

პუბლიკა

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი სანამ ახალი სასამართლო რეფორმები არ გატარდება.

„ჩემს მოწოდებებზე მნიშვნელოვანი არის ვალდებულება, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. სადაც განსაზღვრულია, რომ უნდა შეჩერდეს ნებისმიერი დანიშვნა, სანამ რეფორმები არ გატარდება სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, ამისთვის კი აუცილებელია ინკლუზიური, ფართო დებატები და დისკუსია, თუ რა სახის სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და იზრუნოს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის. დეგნანმა აღნიშნა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება სასამართლო სისტემის ჩამოშლას არ გამოიწვევს, რადგან სასამართლოს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები ჰყავს.