უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესს უსაფრთხოს გახდის – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან, როგორ უნდა მოხდეს ხმის მიცემა და სხვა საკითხები.

მისი თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და  იძლევა საშუალებას, არჩევნებიც გაიმართოს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს, მაგრამ, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, რა იქნება 4 თვეში, ამის პროგნოზი რთულია.

„უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს ქვეყანაში. საუბარია პირბადეებზე, დისტანცირებაზე, თვითონ საარჩევნო კომისიის წევრების საჭიროებისამებრ წინასწარ გამოკვლევაზე, საუბარია ასევე იმაზე, როგორ უნდა მისცენ ხმა კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და არის მთელი რიგი საკითხები, რაზედაც მიმდინარეობს მსჯელობა.

ყველა ამ საკითხის ჩამონათვალს მივიღებთ და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცესკოს თავის რეკომენდაციებს მისცემს. დღეს არსებობს პანდემიის პირობებში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციები: რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთ სივრცეში ერთდროულად, რომ დახურულ სივრცეებში უნდა ვატაროთ პირბადე, რომ აუცილებელია სანიტაიზერებით დავიმუშაოთ ხელები და ა.შ. ეს ზოგადი რეკომენდაციები უნდა მიესადაგოს საარჩევნო პროცესს, რათა ერთი მხრივ, არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება ხმის მიცემისა და მეორე მხრივ, მოხდესინფექციის გავრცელების პრევენცია.

ზოგადად, გლობალურად სიტუაცია არ მშვიდდება. ამიტომ საქართველოს მონაცემები თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა, აუცილებლად უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.