ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა და უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, კაკი ზოიძემ უსაფრთხოების იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემთხვევაში იქნება გასატარებელი. მისი თქმით, საჭირო იქნება ტრანსპორტში დისტანციის დაცვა.
„ეკონომიკამ რომ იფუნქციონიროს, ტრანსპორტი რაღაც მომენტი უნდა გავხსნათ. დიდ ქალაქებში რთული იქნება, ამის გარეშე მასობრივად ეკონომიკის გამოცოცხლებაზე საუბარი. ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარეა ის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, თუ არ დავიცავით წესები. ამას დასჭირდება მეტროში ვაგონების დამატება? დამატებით ორი-სამი კაცის აყვანა, რომლებიც გააკონტროლებს, რომ ადამიანები მართლაც ჯვარედინად დასხდნენ და რაღაც რაოდენობაზე მეტი არ ავიდეს ტრანსპორტში. პირბადის გარეშე არ ავიდნენ, დეზინფექცია დღის განმავლობაში რამდენჯერმე, ამ წესების გარეშე და პროფილაქტიკის გარეშე გართულდება ყველაფერი. მე გითხარით, როგორი იქნება სასურველი მოწყობა, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს უსაფრთხოება. აქედან ალბათ კრიტიკული პარამეტრები იქნება ამოსარჩევი. ეს იქნება რაოდენობა მგზავრების, ჯვარედინად დასხდომა, დისტანციის დაცვა, მაკონტროლირებლის არსებობა ავტობუსში. მძღოლის გარდა, ორი ადამიანი უნდა იყოს, რომ აკონტროლოს ეს. იგივე ეხება მეტროსაც. აქ შეიძლება დამატებითი სამუშაო ადგილებიც დაგვჭირდეს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის ესოდენ საშურველი საქმე ეპიდაფეთქების წყაროდ არ გადავაქციოთ “, – განაცხადა კაკი ზოიძემ.
ამავე თემაზე: