უნგრელი ევროპარლამენტარები არ ექვემდებარებიან ჩვენ წინააღმდეგ საერთო კოორდინაციას - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, უნგრელი ევროპარლამენტარები არ ექვემდებარებიან, მისი აზრით, საერთო კოორდინაციას საქართველოს წინააღმდეგ, რადგან მათ სააკაშვილის შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

„ამ შემთხვევაში უნგრეთს ჰქონდა ჯანსაღი პოზიცია. რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მისასალმებელი და ამასთან დაკავშირებით გვინდა, თითოეულ ევროპარლამენტარს მადლობა გადავუხადოთ.

მეორე, რაც ჩანს, უნგრელი ევროპარლამენტარები არ ექვემდებარებიან იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს საკვანძო ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე რეზოლუციას ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე თავდასხმად აფასებს. მისი თქმით, რეზოლუცია აბსურდულია და ფასი არ აქვს.

„აბსურდულ ჩანაწერებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აბსურდულობის ასეთი ხარისხი შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი. წარმოუდგენელია უბრალოდ, რამდენად აბსურდულია ის რეზოლუციები, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი, უკვე მესამე შემთხვევაა და ეს მესამე კიდევ უფრო აბსურდულია, ვიდრე მისი წინა ორი ვარიანტი.

აქედან გამომდინარე, აბსურდულ რეზოლუციას ჩვენთვის ვერ ექნება ვერავითარი ფასი. მით უმეტეს, რომ არც პირველი და არც მეორე რეზოლუცია არ გაუზიარებია არც ევროკომისიას და არც ევროპულ საბჭოს“, – თქვა კობახიძემ.


ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გარშემო შექმნილ სიტუაციას ეხება.

წინა რეზოლუციაში გამოთქმულ შეფასებას ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციაშიც იმეორებს და ხელისუფლებას ისევ მოუწოდებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს. ამასთან ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესწორებასაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება.