უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო, რომელიც ვიქტორ ორბანის პარტიის წევრია, ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.
„საერთაშორისო დამკვირვებელი ვიყავი. საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ოპოზიციონერმა დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ ენდობიან არჩევნებს.
პატარა პროვოკაციებს და ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ არაფერ ისეთს, რაც სხვაგან არ შეიძლებოდა მომხდარიყო.
საქართველომ არჩევანი გააკეთა. რომც არ მოგვწონდეს, ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. უნდა განვაგრძოთ პარტნიორობა და მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე“, – განაცხადა მან ევროპარლამენტში გამოსვლისას.
იტალიელი ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე, რომელიც პოპულისტური პარტიის „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრია, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით ემუქრებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონს.
ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს და განიხილეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
ევროპარლამენტართა ნაწილმა აღნიშნა, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. გამომსვლელთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე უმრავლესობამ საკუთარი ნება დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს საკითხის დასამატებლად 13-14 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის შეცვლაზე შეთანხმდნენ.
ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ პლენარული სხდომის დასაწყისში წინადადება დააყენა, რომ „საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის წინადადებას მხარი 309 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 191 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.