უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტიამ გაიმარჯვა

პუბლიკა

3 აპრილს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა – ვიქტორ ორბანი ქვეყნის სათავეში ზედიზედ მეოთხედ იქნება.

ორბანის ნაციონალისტურმა პარტიამ, „ფიდესმა“ ხმების 53%-ზე მეტი მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, პროევროპულმა კოალიციამ კი მხოლოდ – 35%. შესაბამისად, მმართველ გუნდს საკანონმდებლო ორგანოში 135 ადგილი ექნება, ოპოზიციურ კოალიციას კი – 56. პარლამენტში 7 ადგილი მოიპოვა რადიკალურმა მემარჯვენე პარტიამაც.

საერთაშორისო გამოცემა „ევრონიუსი“ არჩევნების შედეგების მიხედვით ვიქტორ ორბანის გამარჯვებაზე რამდენიმე ასპექტს გამოყოფს.

წინასააარჩევნო კამპანიისას ოპოზიციასა და „ფიდესს“ შორის ასეთი სხვაობა არ ყოფილა, თუმცა, გამოცემის მიხედვით, როგორც ჩანს, უკრაინაში ომმა ორბანის სასარგებლოდ იმოქმედა. მან უკრაინასთან მიმართებით ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, უარი თქვა, უკრაინის იარაღით დახმარებაში რაიმე წვლილი შეეტანა და არც სანქციებს შეუერთდა.

წინასაარჩევნო კამპანია მმართველმა გუნდმა ისე ააგო, რომ  ორბანმა თავი მშვიდობის გარანტად წარმოაჩინა – პროსახელისუფლებო მედია ოპოზიციას ბრალს დებდა, თითქოს მათ უნგრეთის ომსა და ქაოსში ჩართვა უნდოდათ.

ამასთან, ოპოზიციურ კოალიციაში შედიოდა ერთ დროს რადიკალური მემარჯვენე პარტია, რომელმაც ბოლო დროს პოზიციები შეარბილა, თუმცა არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ პარტიის მხარდამჭერთა ნაწილმა ხმა მისცა არა მას და კოალიციას, არამედ სხვა რადიკალურ მემარჯვენე პარტიას, რომელმაც არსებობის განმავლობაში პირველად ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდა.

ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ისიც, რომ ორბანს მხარს რეგიონებში, უფრო მეტად სასოფლო ტიპის დასახლებებში უჭერენ. მაშინ როცა ოპოზიციამ ყველაზე დიდი მხარდაჭერა ქვეყნის დედაქალაქში, ბუდაპეშტში მიიღო.