უნგრეთმა ევროკავშირიდან უკრაინის დასახმარებლად 18 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა

პუბლიკა

უნგრეთმა ევროკავშირში უკრაინის დასახმარებლად შემუშავებული 18-მილიარდიანი დახმარება დაბლოკა. უნგრეთის მხრიდან ეს გადაწყვეტილება ევროკავშირთან ორბანის დაპირისპირებას მოჰყვა.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის თანხის გადაცემას არ დაუშვებდნენ. ორბანის მთავრობა უკრაინის მხარდაჭერისგან თავს იკავებს, ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის კი ურთიერთობა სულ უფრო უარესდება.

ამასთან, ევროკავშირისგან დახმარებას ვერ იღებს თავად უნგრეთიც. ევროკავშირი ორბანის მთავრობისგან რეფორმების შესრულებას მოითხოვს, რათა ბრიუსელის ფონდებიდან მიიღოს თანხა. წინაპირობების შეუსრულებლობის შემდეგ ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უნგრეთს დახმარება გაუყინონ.

როგორც ევროპელი პოლიტიკის სპეციალისტები წერენ, უნგრეთი უკრაინის დახმარებაზე ვეტოს ბერკეტად იყენებს, რათა ბრიუსელისგან თანხა ისე მიიღოს, რომ კორუფციისა და კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნილი რეფორმები არ გაატაროს.

ევროკავშირსა და უნგრეთს შორის დაპირისპირების ფონზე უკრაინა მნიშვნელოვან თანხებს ვერ იღებს, რომელიც მას ომის დროს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო სერვისების ფუნქციონირებაში უნდა დაეხმაროს. ევროკავშირში კი მუშაობენ, რომ კიევისთვის დახმარების სხვა გზები მოძებნონ, რომელსაც უნგრეთის თანხმობა არ დასჭირდება.