UNICEF საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის ჩამოტანაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

გაეროს ბავშვთა ფონდი კორონავირუსის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ამ ვაქცინის შეძენაში. ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოვა.

საქართველო COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღებს AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველ პარტიას, 43 200 დოზით, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ.

ორგანიზაციის ცნობით, შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინას მთავრობა ყველა რაიონში გადაანაწილებს. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან.

„43 200 ვაქცინა სრულად იქნება გამოყენებული პირველი დოზებისთვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ინფორმაციას, რომ ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Unicef-ის ცნობით, ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129 600 დოზას. გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობისგან ასევე მიიღო თხოვნა, დაეხმაროს Pfizer-BioNTech ვაქცინის შეძენაში. შედეგად, ვაქცინის ჩამოტანა მოსალოდნელია მარტის ბოლოს.

„დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. ველოდებით COVID-19 ვაქცინის პირველ პარტიას. გაეროს ბავშვთა ფონდი, ჩვენს პარტნიორებთან – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და ვაქცინების გლობალურ ალიანსთან ერთად (GAVI) მოხარულნი არიან, დაეხმარონ საქართველოს მთავრობას COVID-19-ის ვაქცინის შეძენაში. წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალისა და სხვა დაუცველი ჯგუფების იმუნიზაცია საშუალებას მოგვცემს, თანდათან დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ბავშვებზე და  ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის პროცესი ხელს შეუწყობს, ბავშვებმა უსაფრთხოდ შეძლონ მათთვის საჭირო მომსახურების მიღება. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისეთი პრევენციული ზომების დაცვა, როგორიცაა ხელების დაბანა, ფიზიკური დისტანცია და ნიღბების გამოყენება“, – თქვა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ, ემი კლენსიმ.

გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოში ვაქცინის ყველაზე მსხვილი მყიდველია და ყოველწლიურად დაახლოებით 100 ქვეყნისთვის 2 მილიარდზე მეტ ვაქცინას შეისყიდის რუტინული იმუნიზაციისა და დაავადებების გავრცელების საპასუხოდ. ამჟამად, გაეროს ბავშვთა ფონდი კოორდინაციას უწევს და მთავრობებს ეხმარება COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვის, საერთაშორისო გადაზიდვის და ქვეყანაში ვაქცინების გადანაწილების პროცესში.