უნიჭოდ იყო ეს დავალება შესრულებული – ბესელია მაჟორიტარების წინააღმდეგობაზე

პუბლიკა

„მე არ ვარ იმ პოლიტიკოსთა რიგში, რომელთაც სჯერათ, რომ ეს არის უმართავი პროცესი, რომ ეს დაუგეგმავად მოხდა, რომ, ასე ვთქვათ, აჯანყდნენ მაჟორიტარები და ა.შ. მყარად ვარ დარწმუნებული ჩემს პოზიციაში, რომ ეს მართული პროცესია. გუშინ სხდომას თავიდანვე ეტყობოდა ეს განწყობა”, – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „TV პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზანია, რომ ქვეყანაში შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდეს.

„სხდომას ეტყობოდა გუშინ ძალად გაბრაზებული დეპუტატები უმრავლესობიდან, შარზე მყოფი ადამიანები, ჩხუბი რომ გინდა და თან რომ ვერ ჩხუბობ. ყველაფერზე ეტყობოდათ, რომ სხდომის ჩაშლა უნდოდათ უმრავლესობის წევრებს და ძალიან უნიჭოდ იყო ეს დავალება შესრულებული.

ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. დარჩეს ძველი სისტემა. რატომ? იმიტომ, რომ არსებულ საარჩევნო სისტემაში ხედავს მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას”, – ამბობს ბესელია.

მისივე თქმით,  ეს არ არის ვაჭრობის თემა, ეს არის მართული პროცესი. რაც შეეხება ხვალისთვის კენჭისყრის გადადებას, ბესელია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია საზოგადოების განწყობას აკვირდება.

„დღეს რომ კენჭისყრაზე დამგარიყო, ჩავარდებოდა კანონპროექტი. ახლა, ალბათ, უყურებენ, როგორი იქნება საზოგადოების განწყობა. აკვირდებიან ამ რეაქციებს. შესაძლებელია, ეს გადაწყვეტილება ისევ შეიცვალოს. ესეც ახასიათებს მმართველ პარტიას. შესაძლოა, წინა დღით მიღებული გადაწყვეტილება მეორე დილით შეიცვალოს“, – განაცხადა ბესელიამ.

კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ დაიწყო, თუმცა ის კენჭისყრაზე არც გუშინ და არც დღეს არ დამდგარა. პროპორციული საარჩევნო სისტემის მიზანშეწონილობაზე კითხვები აქვს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს. კანონპროექტი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას ითვალისწინებს.

საკითხთან დაკავშირებით, დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. ამავე ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა „ოცნების“ ოფისში ხვალაც არის დაგეგმილი.

12 საათზე კი ჩანიშნულია პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც კონსტიტუციურ კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ.