უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერ-მკვლევრები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

პუბლიკა

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის და სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერ-მკვლევრები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ.

წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში მომუშავე მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და, განსაკუთრებით, ჩვენი ახალგაზრდების წინაშე, რადგან ქვეყანა და მისი მომავალი სწორედ მათზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამიტომ დღეს, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიისა და წარმოებული ომის პირობებში, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მოგმართოთ.

საქართველოსა და მოლდოვას უკვე გადაეცა ევროკავშირის წევრობისათვის განაცხადის კითხვარი. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით ახლა უნდა იაქტიუროს და ყველა დონეზე წარმოჩნდეს არა უბრალოდ, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მსურველი, არამედ როგორც ქვეყანა, რომელმაც თავისი წარსულით აჩვენა და კვლავ უნდა აჩვენებდეს ქვეყნის მტკიცე და განუხრელ მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანებისაკენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა, დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა, მუდამ მხარს უჭერს ამ მისწრაფებას. ეს დასტურდება 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტით, რომლის დროსაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. მოსახლეობის ეს ნება და სურვილი ასევე ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.

ამას გარდა, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბოლო წლებში თავისი ბრძოლებით განუზომლად დიდი საფასური გაიღო. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში საქართველოსათვის მებრძოლები წინ აღუდგნენ რუსეთის აგრესიას, ისინი იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებასა და ერთიანობას, საქართველოს მისწრაფებას, გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, იმოქმედოს ევროკავშირსა და ნატოს ალიანსში გასაერთიანებლად.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პროცედურის გავლას. ამას გარდა, აქტიური ქმედებებია საჭირო დიპლომატიურ ასპარეზზე. მასში ჩართული უნდა იყვნენ სამინისტროები, დიპლომატიური კორპუსი და ყველა საჭირო სახელმწიფო სტრუქტურა.

ეს ქმედებები უნდა იყოს არა პასიური და დაგვიანებული, არამედ, პირიქით, აქტიური და მკვეთრად გამოხატული. რუსეთის უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა არის არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი ომი, არამედ ესაა შეტევა მთელ ცივილიზებულ სამყაროზე და მისი მომავლისთვის შექმნილი საფრთხე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გაააქტიურონ კოორდინაცია ევროპის ქვეყნებთან, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მთავრობასთან, ვინაიდან დღეს სწორედ უკრაინაში წყდება ცივილიზებული სამყაროს ბედი.

მოგიწოდებთ უკრაინაში საქმიანი და აქტიური ვიზიტებისკენ მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდამ იდგნენ უკრაინის გვერდით, ისევე, როგორც ამას გამოხატავს საქართველოს მოსახლეობა თავისი ერთსულოვნებით, ჰუმანიტარული და მორალური მხარდაჭერით უკრაინის მიმართ, ისევე, როგორც ამას აკეთებენ საქართველოდან უკრაინაში ჩასული და იქ მებრძოლი გმირი ქართველები.

გვჯერა და მტკიცედ გვწამს, რომ ომი უკრაინის უპირობო გამარჯვებით დასრულდება. იმის წარმოდგენაც კი შემზარავია, რომ გაუაზრებელი თუ პასიური ქმედებებით ჩვენი ქვეყანა სრულიად სხვა და გაუგებარ მხარეს აღმოჩნდეს. ასეთ არჩევანს არც ისტორიულად და არც ზნეობრივად არ აქვს პერსპექტივა, ასეთ მომავალს საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს.“