უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები დასრულებულია და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დახაზვის, გამწვანებისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ტერიტორიის მოსაწესრიგებლად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
„დღეის მდგომარეობით, საგზაო სავალი ნაწილი სრულად დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს დახაზვის სამუშაოები, პარალელურად კი – შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი. ფაქტობრივად, დასრულებულია გარე განათების მონტაჟი. მიმდინარეობს ტერიტორიის გამწვანება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტროტუარებზე მოეწყო შესაბამისი არხები, სადაც მოხდება საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება. გარდა ამისა, არის ლოკალური ადგილები, სადაც ტროტუარების სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.