უოლცი ამბობს, რომ Signal-ის ჩატში ჟურნალისტის დამატებაზე „სრულ პასუხისმგებლობას“ იღებს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ Signal-ის ჩატში, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები იემენში საომარ გეგმებს განიხილავდნენ, გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორის, ჯეფრი გოლდბერგის დამატებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.

„უხერხულია, დიახ. ამას ბოლომდე გამოვიძიებთ. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ჯგუფი მე შევქმენი. ჩემი საქმეა იმაში დარწმუნებაა, რომ ყველაფერი კოორდინირებულია“, — თქვა უოლცმა Fox News-სთან.

თუმცა კითხვაზე, როგორ მოხვდა ჟურნალისტი ჩატში, მედია წერს, რომ უოლცი „დანაშაულის შემსუბუქებას ცდილობს“ და გოლდბერგს შეურაცხყოფას აყენებს.

„კონტაქტების სიაში გყოლიათ ვინმე კონკრეტული სახელით მაგრამ სხვისი ნომრით? რა თქმა უნდა, ვერ დავინახე, რომ ეს ლუზერი ჯგუფში იყო. სხვას ჰგავდა. განზრახ გააკეთა ეს, თუ ტექნიკურად მოხდა, ამას გავარკვევთ“, — ამბობს უოლცი.

მანამდე ინტერვიუში უოლცმა თქვა, რომ გოლდბერგს არ იცნობდა, არც მიმოწერა ჰქონია და მას „ყველაზე დაბალი დონის ნაძირალა ჟურნალისტი“ უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უოლცი ინციდენტს რომელიმე თანამშრომელს არ აბრალებს, ტრამპი საპირისპირო განცხადებებს აკეთებს.

პრეზიდენტის თქმით, მათ სჯერათ, რომ „ვიღაც იყო ხაზზე, ვიღაც ვისაც წვდომა ჰქონდა, ვიღაც ვინც უოლცთან მუშაობს დაბალ რანგში“.

მანამდე, ტრამპმა უოლცზე თქვა, რომ „კარგი კაცია, რომელმაც გაკვეთილი ისწავლა“ და ინციდენტზე შემსუბუქებულად ისაუბრა. მისი თქმით, ინფორმაციის გაჟონვა ბოლო 2 თვის განმავლობაში „ერთადერთი ხარვეზი იყო და არც ისეთი სერიოზული აღმოჩნდა“.


24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აპლიკაცია Signal-ის ჩატში, სადაც მნიშვნელოვან სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, შემთხვევით გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატეს.

ინფორმაციას თავად გოლდბერგმა გამოაქვეყნა სტატიაში სათაურით: „ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით თავისი საომარი გეგმები გამიზიარა“.

საერთო ჩატში სათაურით Houthi PC small group აშშ-ის მაღალი რანგის 18 ოფიციალური პირი იყო, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი, ჯ.დ. ვენსი, თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ უოლცი.