უორდი: საქართველოს შეუძლია, უზრუნველყოს, რომ რუსეთს არ ჰქონდეს წვდომა ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში – ეს გამოიხატება იმით, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საქნციებს და უზრუნველყოს, რომ რუსეთს არ ჰქონდეს წვდომა საბრძოლო დანიშნულების საქონელზე, ნავთობსა და გაზზე.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში რელევანტური და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%. ჩვენ ვიცით, რუსეთის უკანონო ქმედებები და მისი სამხედრო ძალები კვლავ რჩევბიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის, თუ როგორ შეუძლია საქართველოს უკრაინის მხარდაჭერა.

მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა: არავინ სთხოვს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას. ეს დეზინფორმაციაა.

ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია წვლილი შეიტანოს ევროპულ სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ჰქონდეს წვდომა საბრძოლო დანიშნულების საქონელზე და ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე“, – უთხრა გარეტ უორდმა ჟურნალისტებს უკრაინაში ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენციის გახსნამდე თბილისში.

მისივე განცხადებით, დიდი ბრიტანეთი დღეს გამოაცხადებს დამატებით ზომებს რუსულ ნავთობთან დაკავშირებით.

დღეს, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი გავიდა.