უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები ტესტების გამოყენებაზე ძალიან აზიანებს პროცესს - გაბუნია

პუბლიკა

უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები ტესტების გამოყენების შესახებ ძალიან აზიანებს ამ პროცესს, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან თანმიმდევრულად მუშაობს ტესტირების პროცესის გაფართოებასა და დახვეწაზე.

თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ნაცხის ანალიზი სწორი ლაბორატორიული მეთოდია კორონავირუსის საწყის ეტაპზე გამოვლენისთვის, სისხლის ანალიზის მეშვეობით კი გამოვლენა ხდება მოგვიანებით ან დასტურდება გადატანილი დაავადება.

თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ არავალიდური ტესტების შეუფერებელ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს ძალიან არასახარბიელო შედეგი.

„ჩვენ ძალიან მკაცრად გვინდა მოვუწოდოთ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებისგან, რადგან ეს ძალიან აზარალებს პროცესს და შეიძლება გამოიწვიოს დიდი დაბნეულობა, როგორც  მოსახლეობაში ასევე სამედიცინო პერსონალში. უფრო მეტიც არავალიდური ტესტების შეუფერებელ გამოყენებას შეიძლება, მოჰყვეს ძალიან არასახარბიელო კლინიკური გამოსავალი, რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავიდან ავიცილოთ“, – აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, უკვე ამ კვირაში  ქვეყანაში ველოდებით საწყის რაოდენობას ანტიგენზე დამყარებული ტესტებისა, რომელიც არის ერთადერთი სწორი ლაბორატორიული მეთოდი კორონავირუსის გამოვლენისთვის შესაბამის ბიოლოგიურ მასალაში და არა სისხლში.

მისივე განმარტებით, სისხლის ანალიზი შესაძლებელია მხოლოდ იმუნოგლობულინების გამოსავლენად, რომელიც სისხლში ჩნდება დაავადების მოგვიანებით ეტაპზე. ეს გახლავთ მეშვიდე დღიდან ან ადასტურებს გადატანილ დაავადებას. ამდენად საწყისი დიაგნოსტიკისთვის სისხლის ანალიზზე დამყარებული ტესტები ანტისხეულების გამოვლენის მიზნით უბრალოდ შეუფერებელია და ამისი გამოყენება რეკომენდებული არც ერთ შემთხვევაში არ არის.

გაბუნია ამბობს, რომ სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ტესტ-სისტემების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის ნაწარმი სწრაფი ტესტები ყველაზე მასშტაბურად გამოიყენეს ეპიდემიის დროს.

„მხარეთა შორის შედგა შეთანხმება სწრაფი ტესტების მოწოდების შემდეგ გრაფიკზე: სწრაფი ტესტების პირველ ნაკადს საქართველო ამ კვირაში მიიღებს. პირველ ეტაპზე ქვეყანა 3000 ტესტს ელოდება, საიდანაც 1000 ტესტი საჩუქარია. მეორე ეტაპზე გამოიგზავნება 5000 ცალი ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტი და 3000 ცალი ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტი. მესამე ეტაპზე 5000 ცალი ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტი. მეოთხე ეტაპზე 200 000 ანტიგენის ტესტი იქნება მზად, რომელიც ჩარტერით გამოიგზავნება“, – აცხადებს გაბუნია.

სისხლის აღებით სწრაფი ტესტების გამოყენებისკენ დღეს მთავრობას „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვასაძემ მოუწოდა.

მის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს;