აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა.
საქმეზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.
გურამ მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ დასკვნითი სიტყვის დასაწყისში 7 კითხვით მიმართა მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილს:
„ლოგიკური არგუმენტირების სფეროში, მათ შორის, ზუსტ მეცნიერებებში და მათემატიკაში, არსებობს ლოგიკური მტკიცების მეთოდი – reductio ad absurdum.
არგუმენტირების ამ ხერხით, როცა ვამტკიცებთ რაიმე პოზიციას, ვიწყებთ მისი საპირისპირო პოზიციის აღიარებას და ვაჩვენებთ, რომ მისი მიღება მიგვიყვანს აბსურდულ შედეგამდე.
მოდი, დავუშვათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ გურამ მირცხულავამ და ჯანო არჩაიამ ჩაიდინეს ის დანაშაული, რომლის ჩადენასაც მათ ბრალდების მხარე ედავება. თქვენ მიიღეთ გამამტყუნებელი განაჩენი. პოულობთ შესაბამის დროს, თქვენს სავარძელში დაბრძანდებით, ხელში კალამს იმაჯვებთ ან ლეპტოპს შლით, როგორც გენებოთ, და რა უნდა დაწეროთ გადაწყვეტილებაში:
1. ვინ აორგანიზებდა ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას?
2. როგორ აორგანიზებდა, რა საშუალებით?
3. რა არის გურის, ჯანოს და ბიჭების ერთმანეთთან თუნდაც ნაცნობობის მადასტურებელი მტკიცებულება?
4. რა არის ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც არც პოლიციელის ჩვენებაა და არც პოლიციელის მიერ შექმნილი?
5. მაინც რა იყო ის „მძიმე საგანი“ რაც გურიმ და ჯანომ ვინმეს ესროლეს?
6. რას უნდა უყოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომ გურამ მირცხულავას პოლიციელებისკენ არასოდეს არაფერი უსვრია?
7. რას უნდა უყოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომ ჯანო არჩაიასგან არავის არაფერი მოხვედრია?
ზემოთ ჩამოთვლილი, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უპასუხო კითხვებისა, რომელიც ახლა, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის 9 თვის მიუხედავად არსებობს. ამ კითხვებზე, არამხოლოდ პასუხების გაცემის მოვალეობა არამედ ამ პასუხების უტყუარობაში თქვენი დარწმუნების ვალდებულება ჰქონდა ბრალდების მხარეს”, – აღნიშნავს ფურცელაძე.
სანამ საქმის სამართლებრივი მხარის შეფასებაზე გადავიდოდა, მან ვრცლად ისაუბრა პოლიტიკურ კონტექსტზე და აღნიშნა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხრიდან ზეწოლა სასამართლოზე არ შეჩერებულა არც ერთი წამით უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში.
„სამწუხაროა, რომ სასამართლომ არცერთხელ არ გამოიყენა მისი პლატფორმა, ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხრიდან ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად და თუნდაც იმის მეათასედი დისკომფორტის გამოსახატად, რასაც იგი გამოხატავს მაშინ, როცა ამ დარბაზში ისმოდა რომ ბიჭები პოლიტიკური პატიმრები არიან”, – განაცხადა ფურცელაძემ.
ვრცლად ამ ქვეთავის შესახებ იხილეთ ბმულზე;
აღნიშნულის შემდგომ ადვოკატმა ისაუბრა საქმის სამართლებრივ გარემოებებზე და პირველი რაც გამოყო, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა იყო:
„ჯანო არჩაიას და გურამ მირცხულავას მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, რომელიც დაუსაბუთებლად იქნა მიღებული ჯერ კიდევ მათი დაკავებისას და შაბლონურ არგუმენტაციაზე მითითებით გრძელდებოდა სასამართლო წარმოების მთელი ვადის განმავლობაში”, – ამბობს ის.
გამოძიება და სასამართლო-პროცესუალური მექანიზმები
ადვოკატი ამბობს, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარებულა ეფექტიანი, სწრაფი, სრული და ობიექტური გამოძიება. მისი შეფასებით, იგი გამოყენებული იქნა, როგორც დევნის ინსტრუმენტი მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, რითაც პირდაპირ და ცალსახად დაირღვა ბრალდებულთა უფლებები.
მან ასევე გაიხსენა საზგადოებრივი ადვოკატების ჩართვის საკითხიც და აღნიშნა, რომ:
„აღნიშნულით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაირღვა ბიჭების დაცვის უფლება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დასაბუთებადია მითითებული გადაწყვეტილების ცალკე აღებული კონკრეტული ნეგატიური შედეგი მისაღებ გადაწყვეტილებაზე, ფაქტია, რომ აღნიშნულმა არსებითი გავლენა მოახდინა დაცვის სტრატეგიაზე”, – ამბობს ის.
ბრალად წარგენილი მუხლი
ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ ცხადი და ერთმნიშვნელოვანია, რომ ყოველ იმ შემთხვევაში, როცა ბრალდების მხარე ვერ უზრუნველყოფს ორგანიზებული ჯგუფის არსებობის ფაქტის დადასტურებას, სახეზე არ გვაქვს დანაშაული ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. ეს კომპონენტებია:
– სტაბილურობა და ხანგრძლივი არსებობა;
– წინასწარი შეთანხმება და დანაშაულებრივი განზრახვა;
– როლების მკაფიო განაწილება (ორგანიზატორი, შემსრულებელი, დამხმარე);
– მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც გასცდება ერთჯერად ქმედებას.
მისი შეფასებით, დგინდება, რომ ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას ბრალდების დადგენილებით აღწერილი ქმედების ფაქტობრივი შემადგენლობა წინააღმდეგობაშია მის სამართლებრივ შეფასებასთან, რაც საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ პირები უდანაშაულოდ იქნან ცნობილნი, ფორმალურად, მნიშნველოვანია აღვნიშნოთ, რომ მასთან ასევე შეუსაბამოა არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც თავისმხრივ არ შეესაბამება ბრალის დადგენილაბაში ასახულ ქმედების აღწერილობას.
საგანთან დაკავშირებით, ადვოკატი განმარტავს, რომ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშად საგნის მიჩნევა შესაძლებელია მხოლოდ მისი რაობის გათვალისწინებით. რაობა, თავისხმრივ, წარმოადგენს საგნის იმგვარი პარამეტრებისა და მახასიათებლების ერთობლიობას, რაც ქმნის საგნის თვისობრიობას, მაგალითად, მისი წონა, მოცულობა, ფორმა, აგებულება და სხვა.
საფრთხის შექმნა – ადვოკატი ამბობს, რომ საფრთხის შექმნის სამართლებრივი კონცეფციის თანახმად, საფრთხედ ვერ ჩაითვლება პირის აბსტრაქტული ან სიურიალისტური მოლოდინი, რომელიც მხოლოდ მისი სუბიექტური განცდებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. ასევე, დროსა და სივრცეში გარკვეული ზიანის დაშვება, არ წარმოადგენს ქმედების სისხლისსამართლებრივად შეფასების წინაპირობას. სასამართლო წარმოების მიზნებისთვის, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საფრთხედ უნდა იქნას აღქმული მხოლოდ იმგვარი რისკი, რაც დასაშვებია საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის, ობიექტური მსჯელობის შემთხვევაში, რეალისტურია, იმწუთიერია და განხორციელებადი და რაც მთავარია, იგი ასეთადაა აღქმული კონკრეტული ადრესატის (დაზარალებულის მიერ).
დაზარალებულები – ადვოკატი დასაწყისში აღნიშნავს, რომ გურამ მირცხულავასა და ჯანო არჩაიას მიმართ წარდგენილი ბრალის დადგენილებაში, მითითებული არ არის არცერთი დაზარალებული და თავისმხრივ, ბრალის კონსტრუქციით, პროკურატურის მტკიცებას წარმოადგენს საფრთხის შექმნა და არა რეალიზებული შედეგი, რაც იმთავითვე გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფების კავშირს ქვემოთჩამოთვლილ დაზარალებულებთან.
მან შუალედური დასკვნით სახით აღნიშნა, რომ სასამართლოს წინაშე დაზარალებულის სახით გამოკითხულ პირთაგან არცერთი, მათი დაზიანებების, გამოყენებული მეთოდის, ლოკაციის, დროის, გარემო-პირობების მიზეზით, რელევანტური არ არის მისი დაცვის ქვეშ მყოფ არცერთ პირთან, შესაბამისად, დაუშვებელია სასამართლომ მათი დაზიანებები და შესაბამისად, მათი ჩვენებები, მიიღოს რელევანტური ჯანო არჩაიას და გურამ მირცხულავას ბრალდების მტკიცებით ქმედებებთან, შესაბამისად, დაუშვებელია სასამართლომ საფრთხის შექმნის კონტექსტში იმსჯელოს ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ წარმოშობილ რისკზე.
არსენ ხუნაშვილი ჩვენება
ადვოკატი კიდევ ერთხელ იხსენებს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა გამომძიებელმა არსენ ხუნაშვილმა 13:30:03 წუთზე განმარტა, რომ ამ საქმეზე დადგენილი არ არის ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, თუმცა, შესაძლოა ბრალდებულები იცნობდნენ მას.
მისი თქმით, აღნიშნული განმარტებით, თუ წარმოდგენილ საქმეში დადასტურებული და გამოკვეთილი არ არის ვინ არის ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ბრალდებულების მონაწილეობა ვერ დადასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
დაცვის მხარის მტკიცებულებები
დაცვის მხარის მიერ დანიშნული იქნა აუდიო/ვიდეო ჩანაწერების ექსპერტიზა არჩაიასა და მირცხულავას წინააღმდეგ საქმეში არსებულ ვიდეოებზე.
„ვიდეოჩანაწერიდან საგნის რაობის (ფუნდამენტური მახასიათებლების, ფორმის, ზომის და წონის) განსაზღვრა შეუძლებელია. ვიდეოჩანაწერიდან საგნის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნეს აღნიშნული საგანი, რათა მათი მახასიათებლების ურთიერშედარების გზით მოხდეს იდენტიფიცირება. ხოლო, რაც შეეხება დასკვნით ნაწილს ექსპერტმა განმარტა, რომ არცერთ წარმოდგენილ შემთხვევაში, საგნის იდენტიფიცირება შესაძლებელი არ არის”, – ამბობს ფურცელაძე და ასკვნის:
„ცხადად და ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ წარმოდგენილი ვიდეოგრამის მატერიალური შინაარსი არ ასახავს პროკურატურის ბრალით გათვალისწინებული ქმედების აღწერილობს, შესაბამისად, გურამ მირცხულავას არცერთ მომენტში პოლიციის კორდონის მიმართულებით არავითარი საგანი არ გაუსვრია, პირიქით, გურამ მირცხულავას და ირგვლივ მდგომი პირების მისამართით ხდება გასროლა ალბათობის მაღალი ხარისხით პოლიციის კორდონის მხრიდან, ხოლო, გურამ მირცხულავა საგანს იგერიებს მაღლა, მარჯვნივ და პოლიციის კორდონისგან 50 გრადუსიანი კუთხის მოშორებით და მათზე აცილების სურვილით, კორდონსა და გურამის ადგილსამყოფელს შორის მანძილის გათვალისწინებით, სიცარიელეში.
ხოლო, ჯანო არჩაიას შემთხვევაში, საუბარია მცირე ზომის გაურკვეველ ოვალურ საგანზე, რომლის მსგავსს პოლიციის მხრიდან გაისვრიან აქციის მონაწილეთა მიმართულებით და რომლის რაობის დადგენაც შეუძლებელია, ჯანო არჩაია აბრუნებს უკან, იგი ეცემა დაბლა, არ ხვდება არავის და შესაბამისად, არავის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ უქმნის საფრთხეს, იმის გათვალისწინებით, რომ რაობის არ ცოდინის პირობებში, ეს თამამად შეიძლება იყოს პოლიეთილენის ბოთლის თავსახურიც კი”, – ამბობს ის.