უპირატესობა ამ ეტაპზეც და საერთო ჯამშიც აქვს რუსულ მხარეს - კობახიძე

პუბლიკა

ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია. რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მას დღეს ჟურნალისტებმა გუშინ, 8 თებერვალს გაცემული გაცხადების განმარტება სთხოვეს. გუშინ კობახიძემ აღნიშნა, რომ „რადგან ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს, ჩვენი ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია”.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე რუსეთის უპირატესობა არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან ადასტურებენ.

„მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარს და მინიმუმ ბოლო 1 კვირის განმავლობაში 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამშიც რომ შევხედოთ – ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი. დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ბოლო 2 კვირის მოცემულობა არის ის, რომ დასახლებულ პუნქტებს იღებს რუსეთი.

…ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი მხარის ინტერესი, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. ამის უკან შეიძლება რაღაც პოლიტიკური ინტერესი არსებობდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე ამას ვერ გავაკეთებთ…

დავარქვათ „გლობალური ომის პარტია“ – ვიცით ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე თავის სახელს არ დავარქმევთ. „გლობალური ომის პარტიას“ სწორედ იმიტომ ვამბობთ, რომ არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის თითქმის 27% დაიკავა, თუმცა დროთა განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელა და ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. მათ შორის, ხერსონის ოლქის ნაწილი და თავად ქალაქიც. ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის დაახლოებით 18% აქვს ოკუპირებული და ცდილობს დონეცკის ოლქში მიაღწიოს წარმატებას. უკრაინის ხელისუფლება კი დასავლეთისგან დამატებით შეიარაღების მიღებაზე მუშაობს და აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ძლიერი კონტრშეტევისთვის ემზადება.