„უპრეცედენტო ძალადობა სახელმწიფოს ხელშეწყობით“ – სტრასბურგი 17 მაისის საქმეზე

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა 2013 წლის 17 მაისის საქმეზე – „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.

„უპრეცედენტო ძალადობა სახელმწიფოს მფარველობით, ლგბტ დემონსტრეანტების წინააღმდეგ“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს პრესრელიზში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 17 მაისს ლგბტქ აქტივისტებისა და თემის წევრების მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) მე-14 მუხლთან ერთბლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა).

„ორივე მუხლის დარღვევა ხელისუფლების ჩავარდნაა მშვიდობიანი დემონსტრანტების ჰომოფობიური და ტრანსფობიური აგრესიისგან დაცვაში, ასევე არასათანადო გამოძიებაში“, – ვკითხულობთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მე-14 მუხლთან  (დისკრიმინაციასთან) ერთობლიობაში.

„სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ლგბტ დემონსტრანტების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ რისკების შესახებ საქმის კურსში იყო“, – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში, სადაც ყურადღება გამახვილებულია ობიექტური და დროული გამოძიების არარსებობაზე, ასევე, ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ხელშეწყობის ამსახველ ჟურნალისტურ მასალაზე.

სასამართლომ ასევე სამართლიანი დაკმაყოფილება მიაკუთვნა (მუხლი 41) მომჩივანებს და სახელმწიფოს, ჯამში, 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმის მომჩივანები იყვნენ 35 ლგბტქ აქტივისტი და თემის წევრები, ასევე, ორი არასამთავრობო ორგანიზაცია („ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ და „იდენტობა“).