„იქნება, გამოვიყენოთ [არსებული] პლატფორმა და არა დავსხდეთ პირისპირ და ვისაუბროთ ჩვენ, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ“, – ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის მოთხოვნას, საჯარო დებატებთან დაკავშირებით.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს საჯარო დებატებში იწვევს, – ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად და ღია დიალოგისთვის. დღესაც მე მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის, თუმცა თქვენ იცით, რომ საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასდროს ვერ იქნება და განმსჯელი ამა თუ იმ ნაწილში შეფასების კუთხით ვერ იქნება უბრალოდ ენთუზიასტი ადამიანი, მათ შორის, ჩემი ჩათვლით. აქ საჭიროა ექსპერტების მოსმენა და იმ ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება, რომელიც სპეციალისტებს აქვთ. ამიტომ, იმავე საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის ჩვენ გავხსენით პლატფორმა, რომ მათაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ექსპერტებთან ერთად.
თან ამავე დროს შეიქმნა პლატფორმა, ევროპის ენერგეტიკული კავშირის მეშვეობით. ეს ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაციაა ევროპაში, რომელიც ასეთი ტიპის კომუნიკაციის კუთხით არის გამოცდილი. მათ აქვთ გამოცდილება, ბევრ ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში ეწარმოებინათ მედიაცია საზოგადოებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ასევე, მათ აქვთ კომპეტენცია, რომ ჩართული ჰყოლოდათ სხვადასხვა მიმართულებით ექსპერტები – როგორც გარემოს დაცვით მიმართულებაზე, ეკონომიკურ საკითხებზე და ა.შ.
ეს პლატფორმა იცით, რომ შეიქმნა. მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პლატფორმაში მონაწილეობენ. მათ შორის, მონაწილეობენ მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავინახეთ ძალიან ბევრი აქტივობა, სამწუხაროდ, ასევე – ენთუზიაზმი იმავე რიონის ხეობის მცველების.
თუმცა ეს პლატფორმა არის და ვთხოვდი, რომ იქნება, გამოვიყენოთ პლატფორმა და არა დავსხდეთ პირისპირ და ვისაუბროთ ჩვენ, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ, რომ დავსხდეთ პირისპირ ნებისმიერ დროს და ვისაუბროთ გულწრფელად და ღიად. მაგრამ თუ გვაინტერესებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხები – მაგალითად, უსაფრთხოების საკითხებზე, მაგალითად, გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ტარიფებზე, ეკონომიკაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ა.შ. აქ უპრიანია, რომ დავსხდეთ კონკრეტულ სწორ ფორმატში, სადაც ექსპერტები არიან მონაწილეები და ასევე, ის ადამიანები, რომელთაც ხელეწიფებათ მედიაცია და გარკვეული ნეიტრალური როლის თამაში – ეს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება“, – ამბობს დავითაშვილი.