სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იმავე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.
კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრდა. ის აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევსა და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში.