ურბანისტები და არქიტექტორები ურბანული განვითარების სააგენტოს ღია წერილით მიმართავენ

პუბლიკა

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ღია წერილით მიმართავენ საქართველოში მოქმედი არქიტექტორები, ურბანისტები და ააიპ „ურბანული განვითარების ინსტიტუტი“.

საქმე ეხება მრავალფუნქციურ, მრავალსართულიან კომპლექსს, რომლის აშენებაც დამკვეთს „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ სურს.

პროფესიული და სამოქალაქო საზოგადოება მერიაში წარდგენილ საპროექტო წინადადებაში ოთხ საყურადღებო კომპონენტს გამოყოფს:

„1. საპროექტო ტერიტორიას ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით აქვს მინიჭებული სარეკრეაციო ზონა, ხოლო პროექტი ითვალისწინებს სარეკრეაციო ზონის შეცვლას საზოგადოებრივ საქმიანი ზონით, რაც მოითხოვს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ცვლილების შეტანას. აღნიშნული დოკუმენტი მიღებული იქნა ფართო საზოგადოებრივი განხილვის, არქიტექტორების, ურბანისტების და სამოქალაქო საზოგადოების, მხარდაჭერის შედეგად, შესაბამისად დოკუმენტში მასშტაბური ცვლილების შეტანაც უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვის მოწყობის საფუძველი.

2. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში, რომელიც ადგენს წესებს და პირობებს ახალი სამშენებლო განვითარების მოცულობის, ფორმისა თუ სტილისტური გადაწყვეტის მიმართ, ამასთან პროექტზე თანდართულ ისტორიულ არქიტექტურული კვლევის რეკომენდაციები წარმოდგენილი პროექტით არ არის გათვალისწინებული, საჭიროა ხელოვნებათმცოდნეების პოზიციების მოსმენა, რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი მოცულობა არეალის ისტორიული განაშენიანების რეგულირების პრინციპებს.

3. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო კვანძზე, რომლის მოწესრიგება-განტვირთვაც დღემდე გადაუჭრელ ამოცანად რჩება. საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული სამშენებლო ფართობის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობს საფრთხე რომ ავტომობილთა ნაკადების დამატებითი თავმოყრა კრიტიკულ ზიანს მიაყენებს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოსტავას ქუჩის სატრანსპორტო კვანძების გამტარუნარიანობას. მიზანშეწონილია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების მიღებამდე საპროექტო ორგანიზაციამ წარმოადგინოს სატრანსპორტო მოძრაობის უზრუნველყოფის საპროექტო წინადადება, რომელზეც საზოგადოება შეძლებს მოისმინოს ტრანსპორტის სპეციალისტების მოსაზრებები.

4. საპროექტო ტერიტორია თავისი ეკოლოგიური მნიშვნელობით და პოტენციალით წარმოადგენს მნიშვნელოვან არეალს, შესაბამისად მიზანშეწონილია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ეკოლოგებისა და გარემოსდამცველების პოზიციები საპროექტო წინადადებით გათვალისწინებულ მშენებლობასთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ წერილში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები და განმარტებები, თბილისის სამოქალაქო საზოგადოებას აძლევს უფლებას, გადაწყვეტილების მიღებამდე იცოდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს პოზიცია წარმოდგენილ საპროექტო წინადადებასთან დაკავშირებით და ჰქონდეს შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს პროექტის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენებას ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს არეალზე მასშტაბურ სამშენებლო განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია წერილში.

„ურბანული განვითარების ინსტიტუტი“, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პროფესიონალი არქიტექტორები და ურბანისტები, მისი წევრებისა და ხელმძღვანელების სახელით, ასევე საქართველოში მოქმედი არქიტექტორები და ურბანისტები სააგენტოს მიმართავენ:

  • გთხოვთ გააცნოთ სამოქალაქო და პროფესიულ საზოგადოებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს პოზიცია ლაგუნა ვერეს მიმდებარედ და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების მიღების მიზნით, წარმოდგენილი საპროექტო წინადადების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებამდე და მისცეთ საზოგადოებას გონივრული ვადა პროექტის განხილვისთვის.
  • გთხოვთ გადაწყვეტილების მიღებამდე უზრუნველყოთ საჯარო განხილვების მოწყობა, რომელშიც აქიურად ჩაერთვებიან არქიტექტორები, ურბანისტები,ხელოვნებათმცოდნეები, ტრანსპორტის სპეციალისტები, ეკოლოგები და გარემოსდამცველები, რათა სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვისა და გააზრებული პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.