ოზურგეთის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ, ია ბარამიძემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლების პროტესტი მოჰყვა. მათ ურეკში გარკვეული ხნით ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი სამართალდამცველებმა 25 ივნისს დააკავეს.
უწყების განცხადებით, ამის მიზეზი 24 ივნისს ურეკში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 1988 წელს დაბადებული მოქალაქის დააკავება გახდა. რაც მისმა ნაცნობებმა გააპროტესტეს და პოლიციელებს თავს დაესხნენ.
„მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.