ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპის გადაიარაღების გეგმამ, რომელიც არის 800 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი თავდაცვისთვის, „ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა”. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2024-2029 წლების კომისიის მუშაობის პირველი 100 დღე შეაფასა.
„მიმდინარე კვირამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოუტანა ევროპის გადაიარაღების გეგმას (REARM Europe) – 800 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი თავდაცვისთვის. ეს არის ისტორიული. ეს შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის საფუძველი.
ჩვენ მთელი ძალით წავწევთ წინ REARM Europe-ის გეგმას. მის უკან მდგომი იდეაა: ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სრული პოტენციალი კონკრეტული საფრთხეების წინაშე და თუ შევძლებთ გავერთიანდეთ სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია ან კანადა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია.
მნიშვნელოვანია განვაცხადოთ, რომ ეკონომიკური სიძლიერე და ევროპის გადაიარაღების გეგმა ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა.
ევროპის ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი წარმოადგენს რესურსს მისი უსაფრთხოებისთვის. ევროპის თავდაცვით ძალისხმევას შეუძლია მასიური ბიძგი მისცეს უფრო კონკურენტუნარიან ერთიან ბაზარს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
4 მარტს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლაიენმა წარმოადგინა ევროპის გადაიარაღების გეგმა — ReArm Europe.
მისი განცხადებით, გეგმა გულისხმობს:
1. ეროვნული საჯარო თავდაცვის დაფინანსებისთვის მეტი ფისკალური სივრცის შექმნას გამონაკლისი მუხლის საშუალებით – ფისკალური სივრცე გულისხმობს მთავრობის მოქნილობას ხარჯვის არჩევანში. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ქვეყნები გაცილებით მეტს დახარჯავენ თავდაცვაში, თუ ფისკალური სივრცე ექნებათ.
„თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ით, ეს შექმნის 650-მილიარდიან ფისკალურ სივრცეს 4 წლის განმავლობაში“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
2. ახალი ინსტრუმენტის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს 150 მილიარდი ევროს სესხებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის თავდაცვის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს იქნება ევროპის თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართული, ჯამში 800-მილიარდი.
„ეს არის ხარჯვა უკეთ და ხარჯვა ერთად. ჩვენ ვსაუბრობთ საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვაზე, სარაკეტო სისტემებზე, საბრძოლო მასალებზე, დრონებსა და დროების საწინააღმდეგო სისტემებზე, ასევე, კიბერ და სამხედრო მობილიზაციის სხვა საჭიროებებზე“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
3. ევროკავშირის დაფინანსების უფრო მოქნილი გამოყენება თავდაცვის ინვესტიციებისთვის.
4. მეტი კერძო კაპიტალის მობილიზება დანაზოგების აქსელერაციით;
5. საინვესტიციო კავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით.
„ევროპა მზადაა, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა. ევროპას შეუძლია, მოახდინოს 800 მილიარდი ევროს მობილიზება უსაფრთხო და მტკიცე ევროპისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას NATO-ში ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის შანსი ევროპისთვის. ჩვენ მზად ვართ გაძლიერებისთვის“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.