უსაფრთხოების კუთხით მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო - ფაშინიანი

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანმა შეცდომა დაუშვა, რომ თავისი უსაფრთხოების არქიტექტურა მხოლოდ რუსეთზე ააგო. ფაშინიანის თქმით, ახლა, როცა რუსეთს თავად სჭირდება იარაღი, სომხეთის დახმარებას სურვილის შემთხვევაშიც, ვერ მოახერხებს. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შეხახებ პრემიერმა გამოცემა La Republica-სთან ისაუბრა.

„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.999%-ით იყო რუსეთთან დაკავშირებული, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხით. ხოლო დღეს, როცა რუსეთს თავად სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ცხადია, რომ სურვილის შემთხვევაშიც, რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ამ მაგალითმა უნდა დაგვანახოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ცენტრთან დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ შეცდომის მწარე ნაყოფი ვიგემეთ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციას“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მოსკოვში მათ ეუბნებიან, რომ დასავლეთის ქვეყნებთან პარტნიორობით, ისინი რუსეთს უქმნიან წინაპირობებს, რომ რეგიონი დატოვოს. თუმცა ფაშინიანი მიიჩნევს, რომ რუსეთი თავად ტოვებს კავკასიას. მისი თქმით, უნახავს სიტუაციები, როცა რუსეთს სამხრეთ კავკასია „ერთ დღეში, ერთ თვეში ან ერთ წელში დაუტოვებია“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც დგამს ან არ დგამს. რა მიზეზების გამო, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ, მაგრამ არ შემიძლია დადასტურებით ვთქვა“, – განაცხადა ფაშინიანმა და დასძნა, რომ შეიძლება ერთ დღესაც „უბრალოდ გავიღვიძოთ და აღმოვაჩინოთ, რომ რუსეთი აქ აღარაა“.