ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ” „პუბლიკისა” და „ფორმულას” ჟურნალისტებზე სასამართლოს მანდატურების მხრიდან თავდასხმისა და მუქარის გამო განგაშის სიგნალი გამოსცა.
საქმე ეხება 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, როცა მედია „გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრის, გელა ხასაიას სასამართლო პროცესს აშუქებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს და „ფორმულას” ჟურნალისტ ნატალია ჯახუტაშვილს.
ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა” ციტირებს მინდია გაბაძეს.
„დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა (ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში), რომ ფიზიკურად გამსწორებოდა – წიხლის ჩარტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით. კიდევ ორი შემთხვევა იყო, სხვა, ახალბედა მანდატურმა პირდაპირ კისერში ჩამავლო ხელი.
ყოველ ჯერზე შოკისგან უმოძრაოდ ვიყავი და ჩემი რედაქტორი, Natia გლეჯდა ჩემს თავს მანდატურებს. მეხმარებოდნენ აქტივისტებიც”. – დაწერა „პუბლიკის” ჟურნალისტმა 1 ოქტომბერს.
„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა” ასეცე წერს, რომ იმავე დღეს „ფორმულას” ჟურნალისტ ნატალია ჯახუტაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა ჩამოართვეს ტელეფონი და 15 წუთის შემდეგ დაზიანებული დაუბრუნეს.
პლატფორმის განცხადებაში ხაზგასმულია მედიაკოალიციის განცხადებაც, რომელიც ადამიანის უფლებათა და მედიის 17 ორგანიზაციას აერთიანებს და რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლო უსამართლობისა და ძალადობის იარაღად იქცა. ევროსაბჭოს პლატფორმა ასევე მიუთითებს, რომ ინციდენტები დაგმო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც და პროკურატურას დავით მატიაშვილის ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა” მოელის თავდასხმების სწრაფ და საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების გამოვლენას და მათ დასჯას.