საქართველოს მთავრობასთან მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს, – საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
პარლამენტის თავმდჯომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი ჩართულია და „სულის ჩამდგმელია” რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის. „მინდიაშვილს აქვს მტრული რიტორიკა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ და გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით”, – თქვა მან.
პაპუაშვილის განცხადებით, ტოლერანტობის ცენტრი USAID-ის მიერ ფინანსდება, რაც ნიშნავს, რომ „ამერიკა სიძულვილის ენას აფინანსებს, ეს კი პრობლემაა”.