ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ანალიტიკურ დოკუმენტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მტაცებლური სესხები ხშირად უსახლკარობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევის მიზეზი ხდება.
ანალიტიკურ დოკუმენტში „ჭარბვალიანობა, მტაცებლური სესხები და ეროვნული ბანკი“ აღნიშნულია, რომ საქართველოში უსახლკარობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი ვალის გადაუხდელობის გამო საცხოვრებლის დაკარგვაა.
„საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში, ფორმალურ თუ არაფორმალურ სასესხო ბაზარზე განვითარებულმა მოვლენებმა – საკრედიტო ბუმიდან ჭარბვალიანობამდე – უამრავი ადამიანის ცხოვრება უარესობისკენ შეცვალა, თუმცა, რთულია, დადგინდეს იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც საცხოვრებელი და ეკონომიკური დასაყრდენი დაკარგეს“.
დოკუმენტის მიხედვით, ფინანსურ აქტორებზე მორგებულმა საკანონმდებლო ჩარჩომ, ფინანსური სფეროს დერეგულაციამ, ეროვნული ბანკის პასიურობამ და მძიმე სოციო-ეკონომიკურმა ფონმა გარდაუვალი გახადა საკრედიტო ბუმი საქართველოში.
„ამ პროცესში წარმატებით იქნა ათვისებული უძრავი ქონება, როგორც სესხის საიმედო უზრუნველყოფა. საქართველო კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებლის მაღალი მაჩვენებლით (90%-ზე მეტი) გამოირჩევა, რაც კრედიტორს საშუალებას აძლევდა, ეს საკუთრება სესხის უზრუნველყოფად მოეთხოვა. ამას სასამართლოს რეფორმა და სესხის უზრუნველყოფის დაუფლების წესების გამარტივებაც უწყობდა ხელს“.
ასევე აღნიშნულია, რომ საცხოვრებლის და ზოგადად, უძრავი ქონების სესხის უზრუნველყოფად მოთხოვნა კარგად აითვისა არაფორმალურმა ბაზარმაც, რომელიც ამ დროს ყოველგვარი რეგულაციის მიღმა რჩებოდა. შესაბამისად, კერძო მევახშეებს იპოთეკით დატვირთული სესხის გაცემა იმ პირობებით შეეძლოთ, რაზეც ისინი მსესხებელს დაითანხმებდნენ. „ეს კი, მტაცებლური დაკრედიტების საფუძველს ქმნიდა. ამასთან, სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ვერ უპასუხა იპოთეკით დაზარალებულთა საჭიროებებს“.
„მსესხებელსა და გამსესხებელს შორის ძალაუფლების არათანაბარმა გადანაწილებამ, მტაცებლურმა დაკრედიტებამ და რეგულაციების არარსებობამ ჭარბვალიანობა განაპირობა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მსესხებელთა კეთილდღეობა და ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა“.
ანალიტიკურ დოკუმენტში „ჭარბვალიანობა, მტაცებლური სესხები და ეროვნული ბანკი“ ასევე აღნიშნულია, რომ:
► ჭარბვალიანობის საპასუხოდ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს განვითარება საჭირო, მაგრამ დაგვიანებული რეაქციაა, რომელიც დიდი ალბათობით თავიდან აგვარიდებს მორიგ ჭარბვალიანობას, მაგრამ ვერ უპასუხებს იმ რთულ სოციო-ეკონომიკურ გამოწვევებს, რაც შინამეურნეობებს ვალის აღებისკენ უბიძგებს.
► უმუშევრობის, შემოსავლების უთანასწორობის და სიღარიბის კონტექსტში, სესხის ხელმისაწვდომობის “გართულება”, გარკვეულწილად, იმ წყაროსაც ახშობს, რაც აქამდე გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს პრობლემების გადადების და დროებით მოგვარების საშუალებას აძლევდა. შესაბამისად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამუშავებასთან ერთად, იქმნება შინამეურნეობების კეთილდღეობის ამაღლების საჭიროება და მნიშვნელოვანია ისეთი ფუნდამენტური საკითხების გადააზრება, როგორიცაა სახელმწიფოს არსი, განვითარების ხედვა, ფინანსური სექტორის როლი სოციო-ეკონომიკურ კეთილდღეობაში, ეროვნული ბანკის მისია და დანიშნულება.
ასევე იხილეთ:
► პრობლემური სესხის გამო ადამიანებს გამუდმებით ავიწროებენ და ფსიქოლოგიურად ძალადობენ;