უსახლკაროებმა ვერც პანდემიის დროს შეიძინეს აქტუალობა | OSGF სახელმწიფო პოლიტიკაზე

პუბლიკა

ფონდი „ღია საზოგადოების ფონდი“ პანდემიის პერიოდში უსახლკაროთა მიმართ გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უსახლკარო ადამიანებმა ვერც პანდემიის პერიოდში შეიძინეს გამოკვეთილი აქტუალობა და ადგილი სახელმწიფო სოციალურ სისტემაში.

ფონდი უსახლკაროთა პრობლემების რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

უსახლკარობა დახმარების მიღების კრიტერიუმებს შორის ვერ მოხვდა

„მიუხედავად პანდემიის პირობებში საცხოვრისის უზრუნველყოფის ცხადი აუცილებლობისა, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების პროგრამაში, დახმარების მიღების კრიტერიუმად არ განსაზღვრულა უსახლკარობა. წლების განმავლობაში, სახელმწიფო ვერ ხედავს უსახლკარო ჯგუფების მრავალფეროვნებას და ინდივიდუალურად არ სწავლობს მათ საჭიროებებს. აღნიშნული მიდგომა ვერ შეცვალა ვერც პანდემიამ“

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკვე არსებული დახმარების პროგრამა არ მიემართება უშუალოდ უსახლკარო პირებს, მიზნად არ ისახავს უსახლკაროთათვის პანდემიის შედეგების შემსუბუქებას. ამაზე მეტყველებს თავად ის ფაქტიც, რომ დახმარება მხოლოდ ფულადი სახისაა. ფულადი დახმარების გარდა, პანდემიის პირობებში უსახლკარო ადამიანებს მწვავედ უდგათ უსაფრთხო, დაცული და სანიტარულ ჰიგიენური პირობებით უზრუნველყოფილი სივრცის საჭიროება.

პანდემიის პერიოდში არ მომხდარა უსახლკარო პირთა აღრიცხვა და სტატისტიკის შედგენა

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ის ფაქტი, რომ უსახლკარობა სახელმწიფო დახმარების მიღების წინაპირობა არ ყოფილა, ნაწილობრივ იმის შედეგიცაა, რომ წლების განმავლობაში არ ხდება უსახლკარო პირთა სტატისტიკის წარმოება და აღრიცხვა. ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტების მხოლოდ ნაწილი აწარმოებს საცხოვრისის საჭიროების მქონე პირთა სტატისტიკას, თუმცა, არც ამ სიების ინტეგრირება ხდება საერთო ეროვნულ ფორმატში.

„სტატისტიკისა და ელექტრონული აღრიცხვის  აუცილებლობა კი უფრო მკაფიო და ცხადი გახდა პანდემიის პერიოდში, როდესაც, დახმარების მიმღებთა სიების გენერირება და დახმარებათა ადმინისტრირება, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სახელმწიფო ელექტრონული ბაზების მეშვეობით… შესაბამისად, უამრავი მოქალაქე პანდემიის პერიოდში ისეთი სერვისების მიღმა დარჩა, როგორიცაა უსაფრთხო სივრცე პანდემიის განმავლობაში იზოლაციისათვის, სანიტარულ-ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილება, წამლებსა და პრევენციულ სამედიცინო ინვენტარზე ხელმისაწვდომობა, კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და სხვა“, – აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდი“ და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ოფიციალური სტატისტიკის არ არსებობის პირობებში, მიმართვიანობის რიცხვი, არასამთავრობო სექტორისა და დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის, უსახლკარობის მასშტაბის შეფასების ერთადერთი წყარო – მომავალში ვეღარ გამოკვეთს უსახლკარობის მასშტაბის ბუნდოვან სურათსაც კი.

პანდემიის პერიოდში, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა უსახლკარო პირთა დასახმარებლად გასაწევ აქტივობებზე არ განხორციელებულა

„ცენტრალურმა ხელისუფლებამ უსახლკარო პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა კვლავ მუნიციპალიტეტებზე დატოვა დამოკიდებული. აღნიშნულს გვიდასტურებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი, რომლის თანახმადაც, „რამდენადაც მათთვის ცნობილია, მუნიციპალიტეტები თავისით ახორციელებდნენ“ შესაბამისი დახმარებების ადმინისტრირებას“, – ვკითხულობთ შეფასების დოკუმენტში.

მუნიციპალიტეტებმა პანდემიის პირობებში დახმარება მხოლოდ თავშესაფრების და სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარებს გაუწიეს

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის ნაკლებობის, შეზღუდული ბიუჯეტებისა და სტატისტიკის არ არსებობის პირობებში, მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებული დახმარებები, მხოლოდ ღამის გასათევ თავშესაფრებში და სოციალური საცხოვრისში მაცხოვრებელ უსახლკარო პირებზე გადანაწილდა. შესაბამისად, ასეთი ბენეფიციარების რაოდენობა ძალიან მცირეა.

„აღსანიშნავია ისიც, რომ ღამის გასათევი თავშესაფრები და სოციალური საცხოვრისები ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობს, შესაბამისად, ცხადია რომ ქვეყნის მასშტაბით არა ერთი უსახლკარო პირი დარჩა დახმარებებს მიღმა. გარდა ამისა, გაწეული დახმარებები არ არის საკმარისი და ძალიან მცირეა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის განცხადებით, სამი მუნიციპალიტეტიდან მოძიებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ არ მომხდარა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად დამატებითი თანხების მოძიება და სპეციალიზებული პროგრამების შექმნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მუნიციპალიტეტებში, უსახლკარო პირთა დახმარება, ღამის გასათევ თავშესაფრებში სადეზინფექციო-დერატიზაციის სამუშაოებით განისაზღვრა. ბათუმის მერიამ დეზინფექციას სამჯერადი კვების და სამედიცინო მომსახურების ღონისძიებებიც დაუმატა, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში, დამატებით საინფორმაციო მასალაც განთავსდა. (თუმცა, არსებული ინფორმაციით, ამან ვერ უზრუნველყო ბენეფიციარების ინფიცირებისგან დაცვა და თბილისის ლილოს თავშესაფრის ბენეფიციარი მაინც დაავადდა კორონავირუსით ნოემბერი-დეკემბრის თვეებში)