„უსამართლო განცხადება“ - ვაშაძე ლომჯარიას პასუხობს

პუბლიკა

„ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა, კანონიერია“, – დაწერა სოციალურ ქსელში ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მას შემდეგ, რაც შსს-ს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის მიზნით წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა.

ნინო ლომჯარიას „ფორმულას“ ეთერში უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„დარბევა დაიწყეს მათ. მე ნინოსაც მოვუწდებ და სხვებსაც, რომ კარგად გაიაზრეთ, როცა აკეთებთ ასეთ უსამართლო განცხადებებს. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ საქართველო დაუქვემდებაროს რუსეთს და ნუ გვაქვს ხოლმე უეცარი აღტკინებები. არც ერთ შემთხვევაში მე ამას არ ვუპასუხებ. კანონის გათხოვნის მოთხოვნა არის ახლაც. რატომ ესვრიან ამ ხალხს ცრემლსადენ გაზს,  ამაზე უნდა მოვითხოვოთ პასუხი. მე რაც გავაჟღერე, იყო ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გავლილი, ყველასთან შეთანხმებული და ეს იყო საერთო პოზიცია, ამას დაუჭირა ხალხმა მხარი“, – თქვა ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლების მესიჯია, რაც რუსთაველზე ხდება, ხელისუფლების გარდა, სხვას დააბრალო.

„შეეშვით სისულელეებს! ქოცური მესიჯია ეგ ქოცის გარდა სხვას დააბრალო ახლა რაც ხდება რუსთაველზე. გავრილოვის ღამეს ასე მელია გაწირეთ ყველამ დასაჭერად ვინც წერდით რომ მელიას მოწოდებას მოყვა თურმე ამბავი თვალები რომ დაგვთხარეს. იგივეს აკეთებთ ახლა ვაშაძეზე! ამ ხალხს ვერ მართავს ვერავინ! და ვერც ვერავინ აკონტროლებს! გამოეთრიეთ და თვითონ ნახეთ ეს გაზით მოწამლული ახალგაზრდები აბა თუ გააკავოთ ან ვინმეს დაუჯერონ. ბიძინაზე გაბრაზდით! მაშველი რგოლი ხართ და სასარგებლო იდიოტები ვინც მაგას წერთ და აყევით!“, – წერს ის.

8 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის ორი მოთხოვნა – რუსული კანონპროექტების უკან გაწვევა და 7 მარტის აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება – დააყენა და მათ შესასრულებლად ხელისუფლებას ერთი საათი მისცა.

ერთი საათის გასვლის შემდეგ ვაშაძემ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას შესთავაზა, მისი თქმით, „საინიციატივო ჯგუფის, ახალგაზრდების, ორგანიზაციების“ გეგმა, რომ ალყა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის და ხუთშაბათს დაგეგმილი პლენარული სხდომისთვის შენობის მშვიდობიანი პიკეტი მოეწყოთ. მან გამოაცხადა, რომ საზოგადოება ამ გეგმას ხელის აწევით დასთანხმებოდა.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეების მცირე ნაწილი პარლამენტის გარშემო განლაგდა. დაპირისპირება პარლამენტის უკანა შესასვლელთან მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა აღმართული რკინის ბარიერი ჩამოიღეს, რასაც პარლამენტის ეზოში შეკრებილი სამართალდამცველების მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა.

ამის შემდეგ ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა. პოლიცია აქტივისტების დასაშლელად სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის, წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა. დაპირისპირების დროს ჩაიმსხვრა პარლამენტის შენობის ფანჯრები. დაშავდნენ ადამიანები. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების დაშლა იმავე მეთოდებით რუსთაველის გამზირზეც დაიწყო. დააკავეს ათობით ადამიანი. მათი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია. აქცია საბოლოოდ დაშლილი ჯერ ისევ [01:40] არ არის.