ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ჭიათურის პროტესტის მონაწილეების საქმის განხილვა.
დღეს, 16 იანვარს ორმა ბრალდებულმა, არჩილ ჭუმბურიძემ და თენგიზ გველესიანმა თქვეს საბოლოო სიტყვები, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
არჩილ ჭუმბურიძემ საბოლოო სიტყვაში თქვა:
„ბევრს არ ვილაპარაკებ. თუ რა პროცესი მიმდინარეობდა ჭიათურაში და რა ითხოვდნენ დასაქმებულები, ეს ყველამ კარგად იცის. თქვენც, ბატონო მოსამართლე. მხოლოდ ერთს ვიტყვი, უსამართლოდ ვარ გამოკეტილი, უკვე მე-9 თვეა საპყრობილეში.
16 იანვარი ჩემთვის ძალიან ძვირფასი დღეა. დღეს მე და ჩემს მეუღლეს შეგვისრულდა ქორწინების 18 წლის იუბილე. მინდა, მოგილოცო ნინუცა. იცოდე, რომ ყოველი დღე ჩემთვის ბედნიერებით იყო სავსე. მინდა, ეს ყოველივე გაგრძელდეს უსასრულოდ. მადლობა მინდა გადაგიხადო კარგი შვილების აღზრდისთვის, მეგობრობისა და ადამიანობისთვის.
იმედი მაქვს, მოსამართლე გაითვალისწინებს ამ ყველაფერს და მოგვცემს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. უდანაშაულო ვარ და იმედი მაქვს, ამას გაითვალისწინებთ.
მერაბს [სარალიძეს, ერთ-ერთ ბრალდებულს] აქვს დღეს დაბადების დღე და მინდა, მოგილოცო, ძმაო და თავისუფლება გისურვო შენს ლამაზ ოჯახთან ერთად“, – განაცხადა მან.
არჩილ ჭუმბურიძე ჭიათურაში პროტესტის 3 მონაწილესთან – გიორგი ნეფარიძესთან, მერაბ სარალიძესთან და თენგიზ გველესიანთან ერთად 29 აპრილს დააკავეს.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას.
გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ საბოლოო სიტყვის უფლებით 12 იანვარს ისარგებლეს.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მათ ბრალი დაუმძიმდათ.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.