უშაკოვი ცეცხლის შეწყვეტაზე: სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი სამხედროების დროებითი შესვენება

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ საგარეო საქმეთა საკითხებში, იური უშაკოვმა თქვა, რომ „აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი ჯარისკაცების დროებითი შესვენება”.

რუსულ მედიასთან ინტერვიუში უშაკომა ასევე თქვა, რომ „რუსეთის მიზანი უკრაინაში მშვიდობის გრძელვადიანად დარეგულირებაა, ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მოსკოვის ინტერესები”.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა „დღეს უფრო კონკრეტული არსებითი შეფასებები გააკეთოს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ წინადადების პასუხად”.

„ვფიქრობ, ამ სიტუაციაში არავის სჭირდება მშვიდობიანი ქმედებების იმიტაცია”. – თქვა იური უშაკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დღეს, 13 მარტს თქვა, რომ გუშინ, 12 მარტს უშაკოვი ტელეფონით ელაპარაკა შშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცს.

დღეს მოსკოვში ჩავიდა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.

ამ დროისთვის უცნობია, ვის შეხვდება ის.

11 მარტს გაიმართა შეხვედრა ამერიკულ და უკრაინულ მხარეებს შორის, შემდეგ კი ერთობლივად განაცხადეს, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს დაზვერვის მონაცემების გაზიარებას და აღადგენს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის.

უკრაინამ ასევე მიიღო აშშ-ის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან, რომელიც საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ: „უკრაინა მზად არის, ცეცხლი შეწყვიტოს და მოლაპარაკებები დაიწყოს“.

მან იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, „თუმცა, თუ არა, მაშინ უკვე ცხადი იქნება, თუ ვინ აფერხებს მშვიდობას”.