ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს ელოდება, რათა დადგინდეს, რა გახდა 19 წლის ბიჭის დაღუპვის უშუალო მიზეზი. „დღის კურიერთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ განიხილება სხვადასხვა ვერსია, მათ შორის, არ გამორიცხავს, დაკავებული პირებისთვის წაყენებულ სხვადასხვა ბრალს მკვლელობის მუხლიც დაემატოს.
„თუ დასკვნით დადგინდება დაზიანებების არსებობა ჯერ კიდევ სიცოცხლის პერიოდში, ეს ბევრად დაამძიმებს საქმის ვითარებას და უფრო სერიოზული ვერსიის დამადასტურებელი იქნება, თუმცა განვიხილავთ სხვა, ალტერნატიულ ვერსიებსაც, რომ უნებლიეთ არ შევიდეთ ჩვენ თვითონ შეცდომაში, ისედაც ამხელა ტრაგედიის მოწმეები ვართ და კიდევ არ დავიმძიმოთ თავი არაობიექტური გარემოებებით“, – განაცხადა ნიკოლაძემ.
მირიან ნიკოლაძე აზუსტებს, რომ სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი ჯერ კიდევ არ იძლევა იმის პირობას, ისაუბრონ დანაშაულზე და გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე.
„ეს დაზიანებები რითი იყო წარმოშობილი, ეს გახდა ამოცანა – რის შედეგად წარმოიშვა და როდის წარმოიშვა. სანამ ამ ორ კითხვაზე არ გვექნება პასუხი, ის ფაქტი, რომ ზოგადად დაზიანება არსებობს, მე პირადად, როგორც ოჯახის წევრს და როგორც საქმის სპეციალისტს, არ მაძლევს გადაჭრით არაფრის თქმის უფლებას .
ჩვენ რომ გავარკვიოთ, ვინ არის დამნაშავე, ჯერ უნდა გავარკვიოთ, მოხდა თუ არა დანაშაული. რადგან ვსაუბრობთ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნაზე, ზუსტად ეს იქნება ამოსავალი. თუ დადგინდა დანაშაულის ფაქტი, რა თქმა უნდა, შემდგომი კითხვები ბევრად უფრო მძაფრი იქნება ყველა თანამონაწილის მიმართ, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ბოლო ეტაპზე გამოედევნენ გიორგის და რამაც პრაქტიკულად განაპირობა კიდეც მისი გარდაცვალება. ეს ფაქტი უნდა დადგინდეს უტყუარად, რომ ნამდვილად იყო. ამის შემდეგ ვიქნებით ბევრად უფრო კრიტიკულები და ბევრად უფრო აგრესიულები“, – განაცხადა მან.
მირიან ნიკოლაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოკვეთილ გარემოებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო მანქანიდან გადმოსულმა პირებმა საკმაოდ გრძელ მანძილზე სდიეს ახალგაზრდებს. ოჯახისთვის ცნობილია, რომ პირველი მანქანის მისვლის შემდეგ ახალგაზრდები გაიქცნენ, შემდეგ მობრუნდნენ ნაცემი ბავშვის დასახმარებლად, მეორე ავტომობილის გამოჩენის შემდეგ კი ისევ გაიქცნენ. შაქარაშვილის ბიძა ამბობს, რომ რომც არ დადგინდეს უშუალო მკვლელობის ფაქტი, 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილი დევნამ განაპირობა.
„ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ ბავშვი რომც არ იყოს უშუალოდ მოკლული და მდინარეში გადაგდებული, ბავშვი ხომ ამ დევნას შეეწირა?! სამართლებრივი კვალიფიკაცია ამას რაიმე მიესადაგება თუ არა, ამას ჩვენ ყველა გავარკვევთ, იურისტები მაგისთვის არსებობენ რომ არკვიონ სამართლებრივი კვალიფიკაციის საქმე, მაგრამ, თუ ვკითხულობთ, რამ მოკლა გიორგი, მაშინ, რა თქმა უნდა, სიტუაციამ მოკლა და სიტუაციამ განაპირობა მისი სიკვდილი, რაც არ უნდა დადგინდეს მდინარეში აღმოჩენის მიზეზად“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
ექსპერტიზის პასუხი, როგორც ოჯახს აცნობეს, ჩატარებიდან 10-14 დღის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი. შაქარაშვილის ოჯახს გამოძიებასთან ამ ეტაპზე კითხვები არ აქვს. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ უშუალოდაა ჩართული საქმის გამოძიების პროცესში და ჯერჯერობით ვერ ხედავს არაობიექტური გამოძიების ან მიჩქმალვის საფრთხეს.
შსს-ს განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.
„ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება”, – აცხადებს შსს.