საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს საქმისწარმოება საქართველოს უსინათლოთა კავშირის განათლების, კულტურისა და სპორტის ცენტრიდან 12 პირის გათავისუფლების კანონიერების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით.
ომბუდსმენის განცხადებით, საქმე შესწავლის ეტაპზეა, თუმცა უსინათლოთა კავშირის მხრიდან იკვეთება საქართველოს კონსტიტუციითა და შრომის კანონმდებლობით გარანტირებული შრომითი უფლებების დარღვევის ნიშნები.
ომბუდსმენის ცნობით, გათავისუფლებულთა უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელთაგან სამმა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას და ისინი უკვე მე-7 დღეა საქართველოს უსინათლოთა კავშირის შენობაში შიმშილობენ. რაც, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უკიდურესი საფრთხის შემცველია.
სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლებელია საკითხი ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოშიმშილეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებს, რათა პოზიციების კონსტრუქციული შეჯერებისა და რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ურთიერთმოლაპარაკებით მიაღწიონ შეთანხმებას გათავისუფლებულთა შრომითი უფლებების აღდგენის თაობაზე.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ უფლებამოსილი პირები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას, საკითხის სენსიტიურობას და უმოკლეს დროში მიიღებენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს გათავისუფლებული პირების უფლებების დროულად აღდგენასა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფუნქციონირების ნორმალურ რეჟიმში გაგრძელებას.
გათავისუფლებულმა თორმეტმა პირმა დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენის მიზნით, შესაბამისი სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლებიც მიღებულია წარმოებაში, თუმცა მოცემული საქმეების განხილვა და მათზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხანგრძლივ ვადებთან არის დაკავშირებული.