აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბერს ჩატარებული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები გამოაცხადა.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 მანდატი ასე გადანაწილდა:
„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 1 მანდატი;
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 4 მანდატი;
„ძლიერი საქართველო“ – 1 მანდატი;
„გახარია – საქართველოსთვის“ – 2 მანდატი;
„ქართული ოცნება“ – 13 მანდატი.
„ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, მიეღო, ამ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს, იყო ამ ოქმზე ხელის მოწერა. კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის განვმარტავ, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს.
უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის ყველა ამომრჩეველი, ყველა პოლიტიკური სუბიექტი და ყველა მოქალაქე არის არჩევნებში ამომრჩეველი“, – განაცხადა უსკოს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ სხდომის შემდეგ.
კომისიის სხდომის პარალელურად, შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ხმაურის ფონზე წარიმართა სხდომაც, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებით დაიწყო. ისინი თავმჯდომარეს მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ შემაჯამებელი ოქმი, რადგან, მათი თქმით, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აპირებს აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას, რადგან „არჩევნები ხელისუფლებამ მოიპარა“ და ლეგიტიმაციას არ მისცემენ „ქართულ ოცნებას“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი, ვინც ამ მოპარული არჩევნების შედეგად გახდა უმაღლესი საბჭოს წევრი, რა თქმა უნდა, არ შევა უმაღლეს საბჭოში და არ დაჯდება ამ რუს მოღალატეებთან“, – ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი ელგუჯა ბაგრატიონი „ბათუმელებთან“ კომენტარში.
„ჩვენ ყველანი მოწმენი გავხდით იმის, თუ როგორი სპეცოპერაცია ჩაუტარა ქართველ ხალხს რუსმა ივანიშვილმა, რათა ეს ქვეყანა ამცდარიყო იმ უმთავრესს, რასაც ევროპა ჰქვია. ჩვენ არ ვეგუებით და ამ ადამიანებს, ვინც დღეს აქ არიან, ამ მიზანს ვერავინ შეაცვლევინებს. ჩვენ არ შევუქმნით ლეგიტიმაციას „ქართულ ოცნებას“, რადგანაც ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა არა მარტო ოპოზიციური პარტიების, არამედ თითოეული მოქალაქის. თავისუფლებისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია 30 წლის განმავლობაში, რომ ვიღაც ბიძინა ივანიშვილს მივცეთ საშუალება, აკეთოს ის, რაც მას სჭირდება“, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გენო თებიძემ „ბათუმელებთან”.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გოჩა გუგუნავა ასევე ამბობს, რომ უერთდება სხვა პარტიების განცხადებებს და არც ისინი აპირებენ უმაღლეს საბჭოში შესვლას.
„ბათუმელების“ ცნობით, სხდომის დაწყებამდე ინციდენტიც მოხდა, სხდომაზე შესვლას ცდილობდა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი, რისი საშუალებაც მას პოლიციამ არ მისცა.