უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილმა კობახიძეს „საშიში კაცი" უწოდა

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ სახელით პარლამენტში ევროკავშირთან დაკავშირებულ დებატებზე სიტყვით გამოვიდა დავით უსუფაშვილი. მან სიტყვით გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის მოკითხვით დაიწყო.

„მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არა მგონია, კარგად იყოთ თქვენ ან მე. 2021 წელს, 10 წლის თავზე იმ დღიდან, როცა პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე წუთიდან სტრატეგიული პარტნიორობა შემომთავაზეთ თქვენთვის უცნობ ადამიანს, მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა დღეშია ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“.

სიტყვით გამოსვლისას უსუფაშვილმა სხვადასხვა დროს ივანიშვილის მიერ ირაკლი კობახიძეზე და ირაკლი ღარიბაშვილზე გაკეთებული შეფასებები გაიხსენა.

„ღარიბაშვილს პირველი პრემიერობიდან რომ უშვებდით, იყავით გაოგნებული, ეს რა ქნაო. თავისი ლაპარაკით და ქმედებებით, ძირითადად ლაპარაკით, კინაღამ ისეთ დღეში ჩამაგდო თვალებში ვეღარ ვუყურებ ჩვენს უცხოელ კოლეგებსო. ის თავი უკვე მოჭრილი გაქვთ მისი გამოისობით“, – თქვა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა კობახიძეს საშიში კაცი უწოდა.

„ისიც მახსოვს, რა გაოგნებული იყავით, ეს საშიში კაცია, მგონიო. მეორე ირაკლიზე ამბობდა, სამი საათი გამალებული დებატებში ვსხედვართ მაგიდის გარეშემო და სამი საათი შეუძლია იჯდეს აბსოლუტურად ჩუმად და უემოციო სახითო, საშიში კაცია ესო. განსხვავებაა ისა, რომ სამი საათი ლაპარაკობს ის კაცი ახლა. იფრქვევა ყოველდღე მარგალიტები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის შეფასებით, ძალიან ცუდად არის საქმე, რადგან დემოკრატიული სამყაროს მხრიდან ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.

„ძალაუფლების შენარჩუნებით მოტივით იმ გზას დაადექით თქვენ და თქვენი გუნდი, რაც შეუთავსებელია ევროპასთან”, – მიმართა უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან.