პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას არ აინტერესებს მისი მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
პრემიერს ჰკითხეს 2 ივნისის აქციაზე, რომელზეც, ჟურნალისტის სიტყვებით, შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდა მისი მისამართით და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე, რომ დაკავებულთა საქმეებს დააკვირდებიან.
„არ მინახავს განცხადება [აშშ-ის სახ.დეპის]. ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით, თავისი NGO-ებით, თავისი დეგრადირებული, ამორალური ხალხით არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე“, – ამბობს პრემიერი.
შეკითხვაზე, სწყინს თუ არა ეს ყველაფერი, პრემიერი ამბობს:
„როგორ არ მაინტერესებს ხომ წარმოგიდგენიათ, საერთოდ. ეს არის ჩვეულებრივი ასე ვთქვათ მარტივი პროვოკაციები, რომლებზეც საერთოდ სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი. ვინც შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება ჩვენი პოლიციის, ყველა იქნება დასჯილი“, – ამბობს ის.
2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.
შსს-ზე დაყრდნობით სულ აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეთა დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მოქალაქეები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.