უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - ბოკერია

პუბლიკა

„კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა საპასუხოდ განაცხადა. დღეს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგომ, ირაკლი კობახიძემ და გია ვოლსკიმ განაცხადეს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარების თაობაზე სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება.

„გერმანიაში არ არის ფიქსირებული რაოდენობა, მაგრამ ჩვენთან არის ფიქსირებული რაოდენობა, თუ ამ დეტალს გულისხმობენ…კონსტიტუცია ადგენს ორ რამეს ამ საკითხში: 77 მაჟორიტარი უნდა იყოს არჩეული პროპორციულად და 73 მაჟორიტარულად. ეს არის ის რეგულაცია, რომლის ჩარჩოებშიც უნდა ვიყოთ.

ჩვენ ვადგენთ წესს, როგორ მოხდება მაჟორიტარულად და პროპორციულად ამ ხალხის არჩევა. შედეგი არის პროპორციული, ოღონდ მაჟორიტარებიც გვყავს და პროპორციულად არჩეული ხალხიც. ეს არის მარტივი და სწრაფი გამოსავალი. ყველას გვესმის, რომ ამ უტიფარი გადაგდების მიზეზი, თავისი დაპირების შემდეგ ივანიშვილმა რაც ჩაიდინა სპექტაკლის მეშვეობით, იყო ის, რომ არჩევნებს აგებენ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ შექმნილი მძიმე კრიზისიდან პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალი „გერმანული საარჩევნო სისტემაა“, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში იყო პარლამენტში ინიცირებული.

როგორც დავით უსუფაშვილი წერს, ამ სისტემის მიხედვით:

1. საკმარისია 76 ხმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად და არ არის აუცილებელი 113 ხმის მოგროვება კონსტიტუციის შესაცვლელად;

2. პროპორციულობის პრინციპი დაცულია და ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც მას მიღებული ხმების პროპორციულად ეკუთვნის;

3. არჩევნები ტარდება არსებულ მაჟორიტარულ ოლქებში და გამარჯვებული კანდიდატი უპირობოდ იღებს მანდატს, მიუხედავად მისი წარმდგენი პარტიის მიერ ნაჩვენები საერთო შედეგისა;

4. საარჩევნო ბლოკები დაშვებულია და საარჩევნო ბარიერი 3%-ია.