ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა „უთხარით შვილებს“ ხვალ, 10 ივნისს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება.
ფოტოგამოფენა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიხსნება.
ფოტოგამოფენას გახსნიან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, ფოტოგამოფენის ავტორი დინა ოგანოვა და პროექტის მონაწილეები.
მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2021 წლის ანგარიში სხეულის ავტონომიას მიეძღვნა. ამ ანგარიშში, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) შეაფასა, რამდენად არის დაცული ქალების უფლება – თავად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სხეულთან დაკავშირებულ საკითხებზე, და რამდენად უწყობს ხელს ან ზღუდავს ქვეყნების კანონები ქალების უფლებას, მიიღონ ამგვარი გადაწყვეტილებები.
„სხეულის ავტონომია წარმოადგენს ქვაკუთხედს გენდერული თანასწორობისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
გოგოებისა და ქალებისათვის სხეულის ავტონომია ნიშნავს მათ აღჭურვას უფლებითა და თავისუფლებით – გააკეთონ არჩევანი, როგორ განკარგონ საკუთარი სხეული.
სხეულის ავტონომია ნიშნავს იმას, რომ ქალები და გოგოები თავად განსაზღვრავენ საკუთარი ცხოვრების გზასა და მომავალს და ფლობენ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ინფორმაციას, საშუალებებსა და იღებენ მომსახურებებს დისკრიმინაციის, იძულებისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.
თითქმის მთელ მსოფლიოში, ქალები და გოგოები – და ფაქტობრივად, ყველა ადამიანი – გარკვეულ შეზღუდვებს აწყდებიან სხეულის ავტონომიასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ცხოვრებისეულ პერსპექტივებზე. სხეულის ავტონომიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულის ხელშეუხებლობის უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და იყვნენ დაცული იმ ფიზიკური ზემოქმედებებისგან, რომელზეც თანახმა არ არიან”, – ამბობენ გაეროს მოსახლეობის ფონდში.
ფოტოგამოფენით – „უთხარით შვილებს“ – დამთვალიერებელი 20-ზე მეტი ქალის ცხოვრებისეულ ისტორიას გაეცნობა, მათ არჩევანს და იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც მათი ცხოვრების გზაზე ჩნდება. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმის გააზრებისა, თუ რატომ არის სხეულის ავტონომია მნიშვნელოვანი ქალებისა და გოგოებისთვის და რას ნიშნავს მათი გაძლიერება საზოგადოებისთვის.
ფოტოგამოფენა ხვალ, 18:00 საათზე, გაიხსნება და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება გაიმართება საქართველოში შვედეთის საელჩოსთან და ფოტოფესტივალ „ქოლგასთან“ თანამშრომლობით. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები გაიყიდება. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშზე, ომის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოებისთვის აუცილებელი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მისაწოდებლად.