უვადოდ დამტკიცებული 14 მოსამართლის გახმაურებული საქმეები

პუბლიკა

დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა. 

„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ინდივიდუალურ პორტფოლიოებში  „გახმაურებულ საქმეებზეცაა“ საუბარი, რომლებზეც გადაწყვეტილება ამ მოსამართლეებმა მიიღეს.

„პუბლიკა“ გთავაზობთ უვადოდ დამტკიცებული 14 მოსამართლის „გახმაურებულ საქმეებზე“ ინფორმაციას.

თამარ ზამბახიძე

დღეს საქართველოს პარლამენტმა თამარ ზამბახიძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნა.

თამარ ზამბახიძე 2017 წლის 11 მაისიდან 3 წლის ვადით იყო განმწესებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თამარ ზამბახიძეს ეკუთვნის ერთ-ერთი გახმაურებული – ე.წ. ღვინის ქარხნის საქმე.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ამ საქმეს განიხილავდა შემდეგი შემადგენლობით: ქეთევან მესხიშვილი – პალატის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე, თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე.

თბილისში, პეტრიაშვილის ქ. N1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისგან გამოისყიდეს.

გადაწყვეტილებაზე საქმეზე დეტალურად იხილეთ აქ.

გიორგი მიქაუტაძე

2019 წლის 3 ივნისიდან, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე გამწესებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ.

პორტფოლიოს მიხედვით, გიორგი მიქაუტაძის გახმაურებულ საქმეებშია – „უკანონო შემოწირულობები”.

2012 წელს, საქართველოს კონტროლის პალატამ მიმართა სასამართლოს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, „ქართული ოცნების“ შემომწირველი 17 პირის დაჯარიმების მოთხოვნით, მათ მიერ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის გამო. ჩვიდმეტივე პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, მათთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო რაოდენობამ კი, 1 202 000 ლარი შეადგინა.

საქმის მნიშვნელობა: დავაში ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო 2 სამართლებრივი საკითხის სწორად გადაწყვეტა: კანონის კონსტიტუციურობის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი, რასაც სამართლის არაერთი ექსპერტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და სადავო ქმედების კვალიფიკაცია ადმინისტრაციულ თუ სისხლისსამართლებრივ ქმედებად (შესაბამისად, მტკიცების ტვირთის საკითხიდ გადაწყვეტა).

ვლადიმერ კაკაბაძე

2019 წლის 15 ივლისიდან ვლადიმერ კაკაბაძე სამოსამართლო უფლებამოსილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახორციელებდა.

პორტფოლიოს მიხედვით, ვლადიმერ კაკაბაძეს განხილული აქვს ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელსაც საზოგადოება „ფილიპ მორისის“ საქმედ იცნობს.

ფაქტი: მოსარჩელემ, სს „თბილისის თამბაქომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და „სს „ფილიპ მორის ეს.ეის“ წინააღმდეგ. მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეების მიერ დემპინგით მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა 2013-2015 წლებში მოპასუხეთა მხრიდან „უკანონო“ მოქმედებებით (დემპინგით), კონკურენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ხოლო ყველა სხვა მოთხოვნა უკავშირდებოდა და გამომდინარეობდა ამ ძირითადი მოთხოვნიდან.

გადაწყვეტილებას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ლევან მიქაბერიძე

2019 წლის 15 ივლისიდან ლევან მიქაბერიძე სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

გახმაურებული საქმეებიდან მის პორტფოლიოში იძებნება „თბილავიამშენის საქმე“.

სამართლებრივი საკითხი იყო: იძულება, როგორც სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი

ფაქტები: 2017 წლის 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, ლევან მიქაბერიძის თავმჯდომარეობით, მიიღო გადაწყვეტილება სს ,,თბილავიამშენის“ წილებისა და სააქციო საზოგადოება ,,თბილავიამშენის“ აქციების სახელმწიფოსთვის ჩუქების საქმეზე.

დეტალურად გეცანით გადაწყვეტილებას აქ.

ნუგზარ სხირტლაძე

ნუგზარ სხირტლაძე 1999 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. მის საქმეებშია გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხი. 

ტრანსგენდერი პირი სასამართლოში ითხოვდა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილობას, რომლითაც უარი ეთქვა სააქტო ჩანაწერში სქესის ცვლილებაზე, იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა ჩატარებული სქესის შეცვლის ოპერაცია. იგი ასევე ითხოვდა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ახალი აქტის გამოცემას, სადაც მისი სქესის ცვლილება აისახებოდა.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სარჩელი არ დააკმაყოფილეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომელსაც მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე თავმჯდომარეობდა, ტრანსგენდერი პირის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და არ მიიღო არსებითად განსახილველად.

ნუგზარ სხირტლაძის განმარტებით, „ადამიანის შეგრძნებები და სუბიექტური შეხედულებები ვერ შეცვლის ფაქტობრივ მოცემულობას – პირის სქესს“. ის მოსამართლე „ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინებას“ გადაწყვეტილებაში მოიხსენიებს „ერთსქესიანთა ქორწინებად“.

ლალი ფაფიაშვილი

მოსამართლის გახმაურებულ საქმეებშია – გიორგი უგულავას და „კაბელების საქმე.

გიორგი უგულავას და ე.წ. „კაბელების“ საქმეზე დავის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება და გაფლანგვა) კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის იმ დროს მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სადავო ნორმა არის ბუნდოვანი, განუჭვრეტადი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნებს.

აღნიშნულ ორ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, მნიშვნელოვანია კანდიდატ ლალი ფაფიაშვილის პოზიცია აღნიშნულ საქმეთა განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. კანდიდატმა, 2016 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გიორგი უგულავას და ე.წ. „კაბელების“ საქმიდან თვითგანრიდების შესახებ შუამდგომლობით მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა.

ნინო ქადაგიძე

2013 წლის 17 ივნისიდან ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.

ნინო ქადაგიძის გახმაურებულ საქმეებშია აღნიშნული – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერების გაუქმების კანონიერება.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვდა, სასამართლოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ეღიარებინა ელექტრონული ინფორმაციის – იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომების აუდიოჩანაწერების განადგურება.

უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა იუსტიციის სამინისტროსთან 2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს არჩევნებისათვის. ჩანაწერებიც ამავე სამინისტროში იყო დაცული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სამინისტრო უთითებდა, რომ აღნშნულ აუდიო ჩაწერას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და გამოიყენებოდა მხოლოდ წერილობითი ოქმის შესადგენად, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ნადგურდებოდა. ამასთან, სამინისტრო აპელირებდა, რომ ხსენებული აუდიოჩანაწერების შენახვის ვალდებულება მას კანონმდებლობით არ ეკისრებოდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (შემდგომში „პალატა“), კანდიადატ ნინო ქადაგიძის თავმჯდომარეობით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. პალატამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხზე.

მირანდა ერემაძე

2009 წლის 09 მარტს, მოსამართლე მირანდა ერემაძემ განიხილა სამოქალაქო აქტივისტის, დაჩი ცაგურიას საქმე.

დაჩი ცაგურია მონაწილეობდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში. დადგენილების თანახმად, მან გადაკვეთა გზის სავალი ნაწილი და ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა, ხოლო შემდეგ – არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან და 7 ადამიანის უფლებათა ცენტრის 2009 წლის ანგარიში 7 უცენზურო სიტყვები გამოიყენა მათი მისამართით. მოსამართლემ, დაჩი ცაგურია სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

შალვა თადუმაძე

შალვა თადუმაძის გენერალური პროკურორის პოზიციაზე არჩევამდე და არჩევის შემდეგ, არაერთი საქმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც სავარაუდო დანაშაულის შინაარსის, ასევე მათი გაჭიანურებული, არაეფექტიანი გამოძიების გამო. ამ საქმეებზე გამოძიება არ დასრულებულა შალვა თადუმაძის პროკურორობის დროს და საზოგადოებისთვის უცნობია მათი შედეგები.

ესენია:

  • სიცოცხლის უფლების სავარაუდო ხელყოფის არასათანადო, გაუმჭვირვალე და გაჭიანურებული გამოძიებები (ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე).

  • არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიებები; 3 პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალების ინტერნეტში გავრცელების/გავრცელების მუქარის არაეფექტიანი გამოძიებები;

  • სამართალდამცველთა მხრიდან უფლებების სავარაუდო დარღვევის არაეფექტიანი გამოძიება (ბირჟა-მაფიას საქმე; კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტები;

  • ზვიად რატიანის საქმე;

  • ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელთა საჩივარი წილების იძულებით დათმობის შესახებ;

  • აფგან მუხთარლის საქმე;

  • ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან თავდასხმა გენერალურ აუდიტორზე, დეკანოზ მამალაძის საქმე;

  • დემურ სტურუას საქმე;

  • ია კერზაიას გარდაცვალების საქმე;

  • მოხესა და ჭელაში მუსლიმთა უფლებების დარღვევის საქმე;

მამუკა ვასაძე

მამუკა ვასაძე გახლდათ შალვა თადუმაძის მოადგილე და მისი პორტფოლიო იგივე საქმეებს მოიცავს რასაც შალვა თადუმაძის.

ალექსანდრე წულაძე

პორტფოლიოში მის მიერ განსჯილი გახმაურებული საქმე არ ფიქსირდება.

ქეთევან ცინცაძე

პორტფოლიოში მის მიერ განსჯილი გახმაურებული საქმე არ ფიქსირდება.

მერაბ გაბინაშვილი

მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის შემთხვევაში მის პორთფოლიოში სულ სამი საქმეა გამოყოფილი. ერთ-ერთია ნიკა მელიას საქმე.

მან 2019 წლის 2 ივლისს სააპელაციო წესით განიხილა დავა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხებოდა.

დეტალურად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

 მაია ვაჩაძე

მოსამართლე მაია ვაჩაძის გახმაურებულ საქმეებშია – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, მაია ვაჩაძის შემადგენლობით, განიხილა ბოლო დროის ერთერთი ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წილების საკუთრებას. ამ საქმეზე დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულ წრეებში კრიტიკის საგანი გახდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის, რამაც არსებითი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე, იძულება არასწორად ჩაითვალა საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად და ა.შ.

ასევე, ორგანიზაციის შეფასებით, სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების ასეთი ბუნდოვანი მითითება, გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი სისწორის კუთხით, კითხვის ნიშნებს აჩენს და ქმნის გაურკვევლობას, თუ რომელი ნორმა უნდა გამოიყენონ სასამართლოებმა მსგავსი ტიპის დავის გადაწყვეტისას მომავალში.

ვრცლად გადაწყვეტილების შესახებ წაიკითხეთ აქ.