19 დეკემბერს ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის მოთხოვნის დაცვის შესახებ მე-8 ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიში ეხება როგორც საქართველოს, ასევე – ალბანეთს, ბოსნია-ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთს, მოდლოვას და უკრაინას, ასევე, ლათინური ამერიკის, კარიბის და აზია-ოკეანიის ქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ ნაბიჯები გადადგა წინა ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესასრულებლად, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები.
საქართველოს შესახებ ანგარიშში წერია:
სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა
საქართველოს სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის პოლიტიკისგან და 2024-2025 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები კვლავ გავიმეორეთ, საქართველომ კიდევ უფრო უკან დაიხია.
ამჟამად საქართველოს 26 უვიზო შეთანხმება აქვს დადებული ქვეყნებთან, რომლებსაც ევროკავშირში მიმოსვლისთვის ვიზა სჭირდებათ. მას 2022 წლიდან არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს შემდგომი ჰარმონიზაციის კუთხით – პირიქით: 2024 წელს საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებს მიანიჭა უვიზოდ გადაადგილების უფლება.
საქართველო ასევე აგრძელებს ისეთი სავიზო პოლიტიკის გატარებას, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის კანონმდებლობისგან, კერძოდ, 17 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში გადაადგილებისთვის, შესვლის უფლებას აძლევს მხოლოდ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე.
მიგრაცია, საზღვრის მართვა და რეადმისია: საქართველოში ინდოეთიდან და ნაკლები რაოდენობით აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოქალაქეების მნიშვნელოვანი შემოდინება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ პოტენციური არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით როგორც ხმელეთით, ასევე ზღვით.
თავშესაფრის ძიების უსაფუძვლო განაცხადები
უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების რიცხვი კვლავ შეშფოთებას იწვევს. 2024 წელს კოსოვოდან და უკრაინიდან განაცხადების რაოდენობა გაიზარდა, ხოლო ალბანეთის, საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთიდან განაცხადების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელთან შედარებით ნაკლებია, მაინც მნიშვნელოვნად დიდი რჩება.
კერძოდ: 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფარი სთხოვა 14 530-მა მოქალაქემ.
ევროკავშირის უშუალო სამეზობლოში მდებარე პარტნიორმა ქვეყნებმა ძალისხმევა გასწიეს ამ პრობლემის შესამსუბუქებლად. რამდენიმე მთავრობამ, მათ შორის ალბანეთმა, საქართველომ და კოსოვომ, დააფინანსა საინფორმაციო კამპანიები, რათა გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
დამატებითი ზომები მოიცავს ალბანეთიდან და საქართველოდან შენგენის ზონაში მიმავალი მოქალაქეების გასვლის შემოწმების შემოღებას, რათა შემოწმდეს, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი შენგენის ზონაში შესვლის პირობებს; ასევე მოიცავს ფრონტექსის თანამშრომლების განლაგებას საერთაშორისო აეროპორტებში (საქართველო). ეს ინიციატივები ეფექტური აღმოჩნდა და უნდა შენარჩუნდეს და გაფართოვდეს სხვა პარტნიორებზეც.
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
შემაშფოთებელია ასევე უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც რუსეთის გავლენას უკავშირდება, განსაკუთრებით რუსული დიასპორის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთის დაახლოებით 160 000 მოქალაქე საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად. იზრდება შიში, რომ საქართველოში რუსული ყოფნა შეიძლება გამოყენებულ იქნას საგარეო გავლენის ოპერაციებისთვის.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო მთავარი კრიტერიუმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ყველა პარტნიორისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგების დროს. ამ კრიტერიუმის უწყვეტად დაცვა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების წინაპირობად რჩება. პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ ეს მოთხოვნა დაიცვა, მათ შორის, გაითვალისწინა წინა ანგარიშში წამოჭრილი პრობლემები და გადადგა ნაბიჯები მათი მოგვარებისთვის.
თუმცა, საქართველომ არათუ ვერ შეძლო, ადეკვატურად შეესრულებინა წინა ანგარიშით გათვალისწინებული ანტიკორუფციული რეკომენდაციები, არამედ უკან დაიხია ცოტა ხნის წინ გატარებული რეფორმების გაუქმებით.
საქართველოში, კოსოვოში, სერბეთსა და უკრაინაში კვლავ არის დოკუმენტების უსაფრთხოების დაუცველობის საფრთხე, მათ შორის შეცვლილი სახელებით, ყალბი ან თაღლითურად მოპოვებული პასპორტების და პირადობის საკითხები, რომლებიც გამოიყენება ევროკავშირის უსაფრთხოების შემოწმებების თავიდან ასაცილებლად. ეს საკითხები უნდა მოგვარდეს უვიზო მიმოსვლის მთლიანობის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირთან თანამშრომლობით.
ახალ რისკებს შორისაა მოლდოვაზე გავლით ცეცხლსასროლი იარაღის ტრეფიკინგის ახალი მარშრუტები და საქართველოში რუსეთის გავლენასთან დაკავშირებული რისკები.
მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები
ქვეყნები, რომლებსაც აქვთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და რომლებსაც დანერგილი აქვთ ინვესტორთათვის მოქალაქეობის მინიჭების სქემები, უსაფრთხოების რისკებს შეიცავენ, რადგან პოტენციურად საშუალებას აძლევენ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ვიზა დასჭირდებოდათ, გვერდი აუარონ უსაფრთხოების სტანდარტულ შემოწმებას და შეძლონ შენგენის ზონაში შესვლა მოქალაქეობის მიღების გზით.
კერძოდ, მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებობს პროგრამა, სადაც ეროვნული კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, პირებმა, რომლებიც „განსაკუთრებულ ეკონომიკურ ინტერესს“ ავლენენ, ბინადრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე მიიღონ მისი მოქალაქეობა. თუმცა, ამ კანონმდებლობით მინიჭებული მოქალაქეობის რაოდენობა კვლავ უმნიშვნელოა. ეს პოტენციური საფრთხეა.
მონტენეგრომ მსგავსი პროგრამა ოფიციალურად 2022 წლის 31 დეკემბერს შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აგრძელებს განაცხადების დამუშავებას. 2024 წელს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა 1282 გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებლებსა და მათი ოჯახის წევრებს მონტენეგროს მოქალაქეობა მიენიჭათ. 2025 წლის აპრილის მონაცემებით, დარჩენილი 29 განაცხადი კვლავ დამუშავების პროცესში იყო.
ასეთი პროგრამები ქმნის არალეგალური მიგრაციის, უსაფრთხოებისა და გადასახადების თავის არიდების რისკებს. ეს რისკები განსაკუთრებით მწვავეა, თუ მას ახლავს: არასაკმარისი შემოწმება, განმცხადებლისა და მოქალაქეობის მიმნიჭებელ ქვეყანას შორის რეალური კავშირის არარსებობა, სახელის შეცვლის შესაძლებლობა და ა.შ.
შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების შესახებ ახალი მექანიზმით, ასეთი სქემების ფუნქციონირება არის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთში მსგავსი პროგრამა არ არსებობს, მოქალაქეობის შესახებ კანონი საშუალებას იძლევა, პირებს ქვეყნის მოქალაქეობა მიენიჭოთ „სერბეთის რესპუბლიკის ინტერესების შესაბამისად“. 2022 წლიდან რუსეთის 200-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო სერბეთის მოქალაქეობა ამ პუნქტის საფუძველზე. ამ პირთაგან რამდენიმე ევროკავშირის მხრიდან შეშფოთებას იწვევს.
მსგავსი შეშფოთება არსებობს საქართველოსთან დაკავშირებითაც. რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, გამოიყენონ გამარტივებული ნატურალიზაციის პროცედურები მოქალაქეობის მისაღებად. როგორც სერბეთის, ასევე საქართველოს საქმეები საჭიროებს დამატებით შემოწმებას იმის დასადგენად, ხომ არ არის შესაძლებელი, ეს პრაქტიკა იქცეს ბოროტად გამოყენების საგნად.
როგორც ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების პაკეტშია მითითებული, ევროკავშირის კანონმდებლობის დაცვა მოითხოვს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა გააუქმონ ინვესტორთა მოქალაქეობის არსებული სქემები და გააუქმონ მათი სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს მიერ სხვა ძირითადი კრიტერიუმების შეუსრულებლობა
ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რომელზეც საქართველო ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დროს დათანხმდა. ამ კრიტერიუმის უწყვეტი დაცვა კვლავ უვიზო მიმოსვლის უფლების შენარჩუნების ძირითად პირობად რჩება.
2024 წლის 6 დეკემბრის ვიზალიბერალიზაციის შესრულების მე-7 ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ეს ვალდებულება, როცა 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო, ხოლო 2024 წლის სექტემბერში – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი.
ორივე ინიციატივა არღვევს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კერძოდ, გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რადგან „გამჭვირვალობის კანონი“ შეიძლება გამოყენებული იქნას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების გასაჩუმებლად, ხოლო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი დისკრიმინაციულ შეზღუდვებს აწესებს განათლებაზე, საჯარო დებატებსა და შეკრებებზე, რაც არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. შედეგად, კომისიამ გამოსცა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებშიც მოუწოდებდა საქართველოს:
- უზრუნველყოფილი და დაცული იყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება და აიკრძალოს დისკრიმინაცია.
- გაუქმდეს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს ან არღვევს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შესწორდეს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.
საქართველომ ვერ შეძლო ამ რეკომენდაციების შესრულება, პირიქით, კიდევ უფრო უკან დაიხია მმართველობისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში.
საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონმა“ (FARA) და გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებმა ერთობლივად შეზღუდა სამოქალაქო სივრცე და განსხვავებული აზრის გამოთქმა, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის ხმები.
2025 წლის 14 ივლისს ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში კვლავ ახსენა ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების მუდმივი დაცვის მოთხოვნა და მოითხოვა სიახლე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების შესახებ.
პასუხში საქართველოს არაფერი უთქვამს იმ რეკომენდაციების შესრულებაში მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, რომელიც ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის მე-7 ანგარიშით გასცა.
შესაბამისად, საქართველო კვლავ არღვევს ევროკავშირის მიერ მინიჭებული უვიზო რეჟიმის საფუძვლად დადგენილ კრიტერიუმებს.
ამ მოვლენების გათვალისწინებით, უნდა იქნას განხილული შესაბამისი ზომების მიღება უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებული ზომის ფარგლებში.
დასკვნა
საქმე ყველაზე სერიოზულად საქართველოს შემთხვევაშია, რომელმაც დაარღვია ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება, არ შეასრულა ვიზების შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშის თითქმის არცერთი რეკომენდაცია და, ბოლო წლების განმავლობაში სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაციისა და კორუფციის პრევენციის მიმართულებით წინსვლის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, 2024-2025 წლებში კიდევ უფრო უკან დაიხია, მათ შორის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით.
2025 წლის 14 ივლისს ევროპულმა კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან მუდმივი შესაბამისობის ვალდებულება და მოითხოვა დეტალური ინფორმაცია ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ.
თავის პასუხში საქართველომ არ წარმოადგინა ინფორმაცია კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით რაიმე არსებით პროგრესზე. უმეტეს სფეროში არ დაფიქსირებულა მაკორექტირებელი ზომების მიღება, ხოლო რამდენიმე სხვა სფეროში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რიგი საკანონმდებლო აქტების მოქმედების გაგრძელება, მათ შორის: (i) უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, (ii) ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, (iii) უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და (iv) გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მაუწყებლობის შესახებ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს.
გამოსასწორებელი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დაიცვა ეს ზომები, ეროვნული სუვერენიტეტის მოტივით, და უგულებელყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული ვალდებულებები.
შესაბამისად, კომისია ასკვნის, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად უკან დაიხია მმართველობისა და კანონის უზენაესობის იმ ძირითად კრიტერიუმებში, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა უვიზო მიმოსვლის მინიჭებას. ანალოგიურად, საქართველომ უკუსვლა განიცადა ვიზების პოლიტიკის ჰარმონიზაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებშიც.
აღნიშნული ვითარება წარმოადგენს ვიზალიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში აღებული ვალდებულებების აშკარა დარღვევას და ასუსტებს იმ ურთიერთნდობას, რომელზეც უვიზო რეჟიმია დაფუძნებული.
უკუსვლის სისტემატურობისა და განზრახული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამისი ზომების მიღებას განახლებული ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში.
ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემულ დიპლომატიურ, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც პირველ რიგში არიან პასუხისმგებელნი კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის.
ახალი წესები უზრუნველყოფს შეჩერების ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ სახელმწიფოში. დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმისგან ორმხრივად გათავისუფლება აღარ იქნება შესაძლებელი.
შემდეგ ეტაპზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს საქართველოს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება წარმოქმნილ პრობლემებს არ მოაგვარებს.
საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი.
საქართველოს ასევე მოეთხოვება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პრაქტიკა, რომელიც საშუალებას აძლევს იმ 17 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში მიმოსვლისთვის, უვიზოდ შევიდნენ საქართველოში, მაშინ, როცა მათ აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითის ან ომანის გაცემული მრავალჯერადი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.