„უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ამბავი ყალბია" - გერმანიის პრეზიდენტი

პუბლიკა

გერმანიის პრეზიდენტი ყალბ ამბავს უწოდებს Euobserver-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, გერმანიამ უკმაყოფილება გამოხატა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით, ასევე ალბანეთი და სერბეთი 10 ყველაზე პრობლემურ ქვეყნებს შორის დაასახელა.

„დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია“, – თქვა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. მისი განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„არანაირი საფუძველი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს, არ არსებობს. ეს საკითხი საერთოდ არ დგას”, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

Euobserver-ის ცნობით, მათ წვდომა ჰქონდათ შიდა დოკუმენტზე, რომელიც 27 სექტემბრით არის დათარიღებული. დოკუმენტის მიხედვით, უკმაყოფილება გამოხატეს საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ.

დოკუმენტის თანახმად გერმანიამ უკმაყოფილება გამოხატა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით, ასევე ალბანეთი და სერბეთი 10 ყველაზე პრობლემურ ქვეყნებს შორის დაასახელა.

Euobserver-ის ინფორმაციით, დოკუმენტში გერმანიის დელეგაცია აღნიშნავს, 2021 წლის გასულ 3 თვეში რომ 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნა 51%-ით გაიზარდა, მოლდოვიდან კი 429%-ით.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები სიტუაციას არ გააუმჯობესებენ, მიგვაჩნია – ევროპულმა კომისიამ ხაზი უნდა გაუსვას, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი რეალურია“, – აღნიშნავს გერმანული დელეგაცია დოკუმენტში.