ვწუხვარ, დავზაფრე საზოგადოება, მაგრამ ხანდახან საჭიროა, რეალობას ჩავხედოთ თვალებში – იმნაძე

პუბლიკა

„მინდა, ბოდიში მოვიხადო. ძალიან ვწუხვარ იმიტომ, რომ რაღაც ეტაპზე იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა. ოღონდ, მე გამოვდიოდი სუფთა რეალობიდან და რეალური საფრთხე დავანახე… ვწუხვარ ნამდვილად, იმიტომ, რომ დავზაფრე საზოგადოება, მაგრამ ხანდახან საჭიროა, რომ რეალობას ჩავხედოთ თველებში, რა რეალობაც გველოდა“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

შეკითხვაზე, გასულ 4 დღეში აირიდა თუ არა ქვეყანამ „იტალიის სცენარის მიხედვით“ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელება, იმნაძე პასუხობს, რომ ქვეყანამ იტალიის სცენარის აცილება შეძლო.

„კი, ის სცენარი, რაც განვითარდა იქ, ნამდვილად ავიცილეთ. ჩვენი ტრენდი განვითარების, სიტუაციის მატების დაახლოებით ისეთივეა, როგორიც (ჩვენ შემთხვევებით არ ვითვლით. მილიონ მოსახლეზე რამდენი ინფიცირებულია, იმის მიხედვით ვითვლით)… დაახლოებით, იაპონიის ტრენდით მივდივართ.  არ არის ცუდი შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, რომ ეს შეძლეს“, – განაცხადა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

**************

15 აპრილს „მოამბის“ ეთერში, როდესაც იმნაძეს სააღდგომო ლიტურგიაზე საპატრიარქოს გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს, მან მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დიდი მსხვერპლი. „თუ არადა, მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პაატა იმნაძემ.